შულავრის N2 სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკისათვის წიგნებს აგროვებენ
შულავრის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ეზოში პატარა ბიბლიოთეკა მოაწყვეს.

შულავრის N2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა მას შემდეგაა დაკეტილი, რაც სკოლის შენობა ავარიულად გამოაცხადეს და ბავშვები ამავე სოფლის N1 საჯარო სკოლაში, მეორე სმენაში, გადაიყვანეს.

მეცხრეკლასელი იურა გუმაშიანი ერთ-ერთია იმ მოსწავლეებს შორის, რომლებიც სკოლაში ბიბლიოთეკის მოწყობით დაინტერესდა. ამბობს, რომ წიგნები ძალიან უყვარს და სურვილი აქვს, რომ სხვა ბავშვებიც მისსავით შეიყვარებენ კითხვას.

„ამ კარადის დადგმის პირველი მიზეზი წიგნის პოპულარიზაციაა. როდესაც მოსწავლე დაინახავს ამ კარადას ეს მისცემს მას მოტივაციას, რომ უფრო ბევრი წიგნი წაიკითხოს“ - გვიყვება იურა გუმაშიანი

მეცხრეკლასელი ბიჭი ძირითადად ფენტეზითაა გატაცებული. მისი საყვარელი წიგნი „ჰარი პოტერია“ და აპირებს რომ ისინი სკოლის პატარა ბიბლიოთეკაში მიიტანოს.

იურას მსგავსად წიგნებითაა გატაცებული მისი კლასელი ლიამანი. როგორც ის ამბობს, პირველი შემთხვევაა, როდესაც სკოლაში ასეთ აქტივობას ატარებენ. ლიამანს ყველაზე მეტად საშინელებათა ჟანრის წიგნები მოსწონს.

„აქ ყველაფერზე იქნება წიგნები, ერთმანეთისაგან განსხვავებული, სხვადასხვა მწერლებისა და სამეცნიერო წიგნებიც. წიგნები იმისთვის იქნება, რომ სახლში თავისუფალ დროს წავიკითხოთ“ - გვითხრა ლიამან მადატოვამ

წიგნების პატარა კარადა, რომელიც სკოლის ეზოში დღეს, პირველ ოქტომბერს, დადგეს ყველასათვის ღია იქნება, მაგრამ მასე პასუხისმგებლობას მასწავლებლები და კლასის თავმჯდომარეები გადაინაწილებენ.

როგორც ჩვენთან საუბრისას შულავრის N2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ელვირ გასანოვმა თქვა, საზოგადოების გადარჩენა სკოლებიდან იწყება და სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ ბავშვებს წიგნებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ.

„ჩვენ ბიბლიოთეკაში წიგნების მოტანა ყველა მსურველს შეუძლია. მე ჩემს მეგობრებსაც ვუთხარი, რომ მათი წიგნებიც მოგვცნენ. ბავშვებიც აპირებენ სხვადასხვა ლიტერატურის მოტანას“ - გვითხრა ელვირ გასანოვმა

შულავრის N2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკისათვის წიგნების გადაცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მოსწავლეები და მასწავლებლები კი იმედს იტოვებენ, რომ ბიბლიოთეკას ბევრი წიგნი შეემატება და ბავშვებს განსხვავებული ლიტერატურის გაცნობის საშუალება ექნებათ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები