ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება - პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია 15 ოქტომბერს სრულდება
აგრარული მიმართულებით პროფესიული განათლების მისაღებად ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების სამუშაოზე დაფუძნებულ დუალურ პროგრამაზე რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

მსურველებს, რომლებიც პროგრამაზე ჩააბარებენ, შეეძლებათ გაიარონ ორ წლიანი უფასო თეორიული სწავლება ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებასთან დაკავშირებით და ამავდროულად მიიღონ სამუშაო გამოცდილება მარნეულის სასურსათო ქარხანაში.

„პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის კუთხით პროფესიული პროგრამების შემუშავება, კვალიფიციუარი კადრის აღზრდა და კერძო სექტორის თანამშრომლების გადამზადება“ - გვითხრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების ექსპერტმა ნიკოლოზ მესხიშვილმა

სტუდენტები თეორიულ სწავლებას კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ში გაივლიან, ხოლო პრაქტიკული სწავლებები მარნეულის სასურსათო ქარხანაში გაიმართება. სტუდენტის გადაადგილებისა და საცხოვრებელი ხარჯები პროგრამით დაფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 10 მსურველს შეეძლება.

პროექტის "სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება" მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა "UNDP" და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო "SDC". პროექტს კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია "GFA".

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები