ქალთა უფლებები - მარნეულის სკოლების მთავარი სამუშაო თემა
დღეს, 7 თებერვალს, მარნეულში პროგრამა „მომავლის თაობის“ 2019 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
პროგრამაში, რომელიც სკოლებში სამოქალაქო განათლების საგნის სწავლებას ისახავს მიზნად, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების 33 სკოლაა ჩართული. პროგრამის ფარგლებში, სამიზნე სკოლებში, მოსწავლეები ანხორციელებენ პროექტებს კლასებსა და სკოლის კლუბებში.

საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მარნეულის მასშტაბით პროგრამაში 17 სკოლაა ჩართული. ყველაზე გავრცელებული საკითხი კი, რაზეც სკოლის მოსწავლეები მუშაობენ, გოგონათა და ქალთა უფლებებია.

„პროექტის თემებს თავად ბავშვები ირჩევენ. მუნიციპალიტეტების მიხედვით, ბავშვები განსხვავებულ თემებს ირჩევენ, მაგალითად წალკის მუნიციპალიტეტის ბავშვებმა ბევრი იმუშავეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე და ადვოკატირება გაუწიეს სოფელში სტადიონის მოწყობას, ხოლო მარნეულში ბავშვებმა თავად აირჩიეს გოგონათა უფლებების თემა“ - გვითხრა ინგა პაიჭაძემ

პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 15 სკოლის წარმომადგენლებმა საკუთარი აქტივობების პრეზენტაციები გააკეთეს. ერთ-ერთი სკოლა, რომელმაც დღეს პრეზენტაცია გააკეთა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლაა. ბაიდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვეს, რომ ქალთა და გოგონათა უფლებები, გენდერული დისკრიმინაცია და ადრეულ ასაკში ქორწინება მათთვის აქტუალური თემებია.

„აქტიურად ვმუშაობდით ამ საკითხებზე, რეგულარულად ვამზადებდით პოსტერებს მსოფლიო ცივილიზაციაში ქალის როლთან დაკავშირებით, აქტიურ და წარმატებულ ქალებზე, ადრეულ ასაკში ქორწინებაზე და გოგონების ჩაგვრაზე, ბოლო შემთხვევაში კონკრეტულად განათლების მიღების შეზღუდვაზე“ - გვითხრა ბაიდარის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლატიფა შარაფოვამ

ბაიდარის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფელში გამოკითხვა ჩაატარეს, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა მოსახლეობას ადრეულ ასაკში ქორწინების რისკებთან დაკავშირებით. კვლევამ მოსწავლეებს აჩვენა, რომ სოფლის მოსახლეობა ნაკლებად იყო ინფორმირებული საკანონმდებლო ნორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინებას კრძალავს და სწორედ ამიტომ კლუბმა სკოლაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები მიიწვია, რათა მათ მოსახლეობისათვის ინფორმაცია მიეწოდებინათ.

პროგრამა „მომავლის თაობაში“ ჩართულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საკარო სკოლაც. წერეთლის სკოლის სამოქალაქო კლუბ „ბუმერანგის“ წევრმა ლია ბარბაქაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ პროგრამის ფარგლებში კლუბის წევრები საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს შეხვდნენ, რაც მათ მომავალი კარიერის გასაზღვრაშიც დაეხმარა.

„ძალიან ბევრი რამ გავიგე ტოლერანტობის, ჩემი უფლებების შესახებ. გავიგე, რომ მე შემიძლია ჩემი თავის და ასევე სხვების დაცვაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა უკვე შემიძლია რომ სხვებსაც ვუბიძგო მათი უფლებების დაცვისაკენ“, - გვითხრა ლია ბარბაქაძემ

წერეთლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისა და სამოქალაქო კლუბ „ბუმერანგის“ მეურვის მაკა მენთეშაშვილის თქმით, სკოლაში კლუბი 2019 წლის ოქტომბრიდან შეიქმნა, რაც მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„თანამედროვე სწავლების მიდგომა გულისხმობს, რომ მოზარდი უნდა გავზარდოთ ისე, რომ შეძლოს ცხოვრებაში ადაპტაცია და გამოიმუშაოს გარკვეული უნარ ჩვევები, რათა შემდეგ იყოს წარმატებული ადამიანი. სკოლა არ უნდა იყოს ის დაწესებულება სადაც მხოლოდ გაკვეთილების მოსასმენად და მოსაყოლად მიხვალ. ის უნდა გაძლევდეს გარკვეულ უნარ-ჩვევებს და ვფიქრობ, რომ სამოქალაქო კლუბები ბავშვებს ამ უნარ-ჩვევების მიღებაში დაეხმარება“ - გვითხრა მაკა მენთეშაშვილმა

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განათლების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები