“მე მზად არ ვარ“ - გიორგი ჭაუჭიძე დისტანციურ სწავლებაზე
„მქონია დისტანციური სწავლების გამოცდილება. მეც ჩამიტარებია მასწავლებლებისთვის ონლაინ კურსი, მაგრამ რაც შეეხება ბავშვებთან ონლაინ ჯგუფების დაკომპლექტებას და წარმართვას, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ჩემს თავს რომ ამას შევძლებთ და გავაკეთებთ“ - ასე ეხმაურება მარნეულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე, სკოლების დისტანციურ სწავლების მოდელზე გადასვლას. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს თემა უცხო არაა ფიქრობს, რომ მოსწავლეებთან მიმართებაში განხორციელება რთული იქნება.

„პირველ რიგში მეც არ ვარ მზად, როგორც ონლაინ მასწავლებელი. მე დაგეგმილი კურსები წარმიმართავს ონლაინ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბავშვებთანაც ასევე წარმატებით გამოვა. მომზადება და გარკვეული დრო მჭირდება მეც. ასევე  ვგულისხმობ იმასაც, რომ მომზადება სჭირდება მოსწავლეებსაც, მათ მშობლებსაც. სხვადასხვა მხრივ მომზადება. ერთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მეორე ხელმისაწვდომობა თვითონ ამ რესურსებზე, ინტერნეტსა თუ ტექნიკურ რესურსებზე“ - ამბობს გიორგი ჭაუჭიძე
პედაგოგი ფიქრობს, რომ დისტანციური სწავლება ეფექტური, თუმცა მის დაგეგმვას გარკვეული დრო სჭირდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ონლაინ სწავლებაზე გადასვლა 74 სკოლას მოუწევს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია როგორ დაძლევს მარნეულის მუნიციპალიტეტი ახალ გამოწვევას იმ ფონზე, როდესაც მოსწავლეთა ნაწილს კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვს, ხოლო მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი,  კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს არ ფლობს. განათლების სამინისტრო, სავარაუდოდ, ხვალ, 17 მარტს, სკოლებს დისტანციური სწავლების ახალ მოდელს შესთავაზებს.

ამავე თემაზე:

შესაძლებელია თუ არა მარნეულში დისტანციური სწავლება - მასწავლებლების მოსაზრებები

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები