„დისტანციური სწავლების პრობლემა, ძირითადად, სოფლის სკოლებს შეექმნათ“ - ქენან ომაროვი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას,ძირითადად, პრობლემა სოფლის სკოლებს შეექმნათ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის რესურსცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა თქვა და აღნიშნა, რომ  საჯარო სკოლების უმრავლესობამ ახალი გამოწვევა უკვე მიიღო, თუმცა სკოლების კონკრეტულ რაოდენობას არ გვისახელებს.


„რამდენიმე სკოლაა დარჩენილი, ისიც სოფლის სკოლებიდან ისინიც ჩაერთვებიან ამ დღეებში. ორშაბათს, სამშაბათს ყველანი უნდა იყვნენ ჩართულები. არის ინტერნეტისა და კომპიუტერების პრობლემაც, მაგრამ როგორმე რაიმე გზით ჩაერთვებიან,ვნახოთ რა იქნება“ - თქვა ქენან ომაროვმა, რომელმაც ჯერჯერობით არ იცის თუ რა კონკრეტულ გზას გამონახავენ იმ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებსაც სწავლების ახალ მოდელზე გადასვლა ბევრი მიზეზის გამო არ შეუძლიათ.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.  სწავლების ახალ მოდელზე გადასვლამ ბერი პრობლემა გამოკვეთა, მათ შორის ინტერნეტიზაციის, ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობის და საზოგადოების ნაწილისათვის კომპიუტერული უნარ-ჩვევების არ ცოდნის პრობლემა. ამ სირთულეებზე მარნეულის სკოლების მასწავლებლებიც საუბრობენ და დისტანციურ სწავლების მოდელს ჩვენს რეალობაში სკეპტიკურად უყურებენ. სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლებას არც კი განიხილავენ, მოლაოღლიში კი მთავარ მიზეზად ინტერნეტის პრობლემას ასახელებენ.

სკოლებში არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა, თუმცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ შესაძლოა სასწავლო პროცესის აღდგენა ვერც 26 აპრილამდე მოხდეს სრულად. განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუზიარა დისტანციური სწავლების პირველადი რეკომენდაციები, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს Microsoft office 365-ის პროდუქტების საკომუნიკაციო არხებად გამოყენება. სწორედ ამ პროგრამის სატესტო რეჟიმს გადის ახლა მარნეულის სკოლების ნაწილი.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print