განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში მეორე სემესტრის მასალა არ იქნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გათვალისწინებული სასწავლო მასალა, სავარაუდოდ, არ იქნება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ტესტებში მე-12 კლასისთვის გათვალისწინებული სასწავლო მასალის მხოლოდ ის ნაწილი შევა, რაც აბიტურიენტებმა პირველ სემესტრში ისწავლეს.

ამასთან, ტესტებში ყურადღება გამახვილდება მოსწავლის ზოგად ცოდნაზე და ის კონკრეტული ნაწარმოების ზუსტი ცოდნის შეფასებით არ შემოიფარგლება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად მუშაობს.

მეორე სემესტრის პროგრამული მასალის ტესტებიდან ამოღების მიზეზი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გახდა, რის გამოც, სასწავლო პროცესის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რაც შეეხება საგამოცდო ბარიერის დაწევას, ჯერჯეობით ეს არ იგეგმება.

„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ „განათლების სამინისტრო ორიენტირებულია ამ სიტუაციიდან გამომდინარე არ დაირღვეს ბავშვის უფლება და არცერთ საფეხურზე მოსწავლეს არ შეუქმნის პრობლემებს“.

„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მოსწავლის უფლება იყოს დაცული. შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ აბიტურიენტის უფლებებს, რაც დაცული იქნება გამოცდების დროსაც. გამოცდების ჩატარებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც ამ წუთში ქვეყანაში არსებობს“, - აღნიშნა დგებუაძემ.

მისივე ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადის გადაწევის მიუხედავად, თვითონ გამოცდების ვადები არ გადაიწევს და ის ივლისში ჩატარდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია