„კარანტინმა ბავშვობის ოცნების ასრულების შესაძლებლობა მომცა“ - ნარმინა ჰუსეინოვა

25 წლის ნარმინა ჰუსეინოვამ ქართული ენის შესასწავლი რამდენიმე ვიდეოკურსი უკვე ჩაწერა.

ამბობს, რომ კარანტინმა მას შეუქმნა შესაძლებლობა, რომ ბავშვობის ოცნება აესრულებინდა.

„ვიდეოების ჩაწერის ძირითადი მიზეზი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. წლების განმავლობაში ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით ამ პრობლემების მოგვარებაში ჩემი პასუხისმგებლობაც დავინახე და გადავწყვიტე ის გავაკეთო რაც შემიძლია. ძირითადი მიზანი მაქვს, რომ იმ ადამიანებს დავეხმარო ქართული ენის შესწავლაში, ვინც ინტერნეტით სარგებლობს და ქართულის სწავლის სურვილი აქვს“ - გვიყვება ნარმინა

ნარმინამ საბაკალავრო განათლება სოციოლოგიის მიმართულებით დაამთავრა, მაგისტრატურა კი განათლების. ამბობს, რომ სოციალურ მეცნიერებებში არსებობს ტერმინები ინტეგრაცია და ინკლუზია. მისი აზრით, ეთნიკურად აზერბაიჯანელების ინტეგრაცია საზოგადოებაში უკვე მოხდა, ახალა კი დროა, რომ მათი ინკლუზიაც მოხდეს.

„დიდი ხანია ინტეგრაცია მოვახდინეთ, მაგრამ ჩემი ჯგუფის გარშემო რამდენადაც არ უნდა არსებობდეს სხვა ჯგუფები, მე მაინც ჩემს ჯგუფში ვრჩები, იმიტომ, რომ ამ ჯგუფში ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ამ ჯგუფს თუ დავტოვებ და სხვა ენა არ მეცოდინება, მაშინ რა უნდა გავაკეთო? კომუნიკაციის დასამყარებლად ენის ცოდნაა საჭირო, ეს ენა კი სახელმწიფო ენაა“ - გვეუბნება ნარმინა

ნარმინა აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისათვის ქართული ენის გაკვეთილებს ატარებს. მან უკვე ოთხი ვიდეო გაკვეთილი ჩაწერა. ამბობს, რომ სახელმწიფო ენის შესწავლით მოქალაქეები ზოგად განათლებასაც ადვილად მიიღებენ და ინდივიდუალურად ცხოვრებაც არ გაუჭირდებათ. აღარ იქნება ყველა შეხვედრაზე თარჯიმანის წაყვანისა და მეზობელი ქვეყნის ენაზე საუბრის საჭიროება.



„ინტეგრაციიდან ინკლუზიის ეტაპზე გადასასვლელად ენა უნდა ვიცოდეთ, უნდა ვისწავლოთ. დღესდღეობით ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას და ამ საშუალებას მავნე ჩვევებისთვის არ უნდა ვიყენებდეთ. ინფორმაციის გავრცელებისათვის იუთუბის ვიდეოები ძალიან ადვილი საშუალებაა.“

ნარმინას თქმით, ქართული ენის ვიდეო გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისათვისაც კარგი შესაძლებლობაა, რადგან გარკვეულ სკოლებში ენის შესწავლის კუთხით სირთულეებია და ზოგიერთ ბავშვს კერძო რეპეტიტორთან სიარულის შესაძლებლობაც არ აქვს.

„ვიდეოებს ძირითადად იმ სიტყვების შესახებ ვიღებდი რომელიც შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ. მაგალითად დამავიწყდა და დავივიწყეს შორის განსხვავება. ქართულ ენაში, უმეტესობისთვის რთულად გასაგებ, ზმნებზეც დავიწყე გადაღება და ასე გავაგრძელებ ზმნების და საჭირო სიტყვების შესახებ ვიდეოების ჩაწერას“.

ნარმინა ამბობს, რომ ვიდეო გაკვეთილების ჩაწერის შემდგომ ბევრი ადამიანი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მათ ქართული ენა საბაზისო დონეზეც არ იციან. სწორედ ამიტომ, ნარმინა ქართულ ანბანზეც აპირებს ვიდეოების გადაღებას.

ავტორი: ჯესურ ჰაჯიევი

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები