ალგეთის N1 სკოლის ავარიული შენობის გამო 1000-მდე მოსწავლე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლა ავარიული შენობის გამო, დაახლოებით ერთი კვირაა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ონლაინ მოუწია გადასვლა სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლასაც, რომელიც ალგეთის N1 სკოლაში დროებით იმყოფებოდა. საუბარია დაახლოებით 1000-მდე მოსწავლეზე, რომელთა განაწილებაც მარნეულის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა მოხდეს და მათ გადასაადგილებლად ტრანსპორტი გამოიყოს.

როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი გახრამანოვმა უთხრა, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება მარნეულის მერიაზეა დამოკიდებული. სწორედ ადგილობივმა თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ტრანსპორტირება.

რაც შეეხება სკოლებში გადანაწილებას, ამ ეტაპზე ერთი სოფლის და ერთი ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულება განიხილება.

„ახლა განაწილებაზე მიდის საუბრი. თაზაქენდის N1 საჯარო სკოლაში უნდა გადავიდეს ალგეთის N1 საჯარო სკოლა. რაც შეეხება საბირქენდს, ვგეგმავთ, რომ ქალაქის რომელიმე სკოლაში გავანაწილოთ. ჯერ მოსაგვარებელია ტრანსპორტის საკითხი. ამიტომ გადავიდნენ დისტანციურზე სანამ ეს საკითხი გადაწყდება. წესით უმოკლეს ვადაში უნდა გადაწყდეს"

ალი გახრამანოვის თქმით, ალგეთის N1 სკოლაში ავარიულ მდგომარეობაშია სკოლაზე მიშენებული ნაგებობა, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

„ახალი სკოლის შემდგომ, მიშნებულია შენობა, რომლის კედლებიც დაიბზარა“ - ამბობს ალი გახრამანოვი

აღსანიშნავია, რომ საბირქენდის საჯარო სკოლა, ალგეთის N1 სკოლაში მას შემდეგ გადავიდა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულების დემონტაჟი განხორციელდა. ერთ წელზე მეტია სკოლის მშენებლობა დაიწყო.
პროექტი, საქართველოს მთავრობის და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 264 667 ლარით ფინანსდება.

გარეკანის ფოტო: ნინო ჭანკვეტაძე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები