მარნეულში სამი სკოლის 44 კლასი დისტანციურად სწავლობს
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, 9 ნოემბრის სტატისტიკით, მარნეულში სამი სკოლის 44 კლასი დისტანციურად სწავლობს. როგორც მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი, ნანა მოსიაშვილი განმარტავს, წინა კვირებთან შედარებით, მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესებულია. ინფიცირების ძირითადი შემთხვევები მასწავლებლებზე მოდის.

„სრულად დისტანციურზე ამ ეტაპზე, არცერთი სკოლა არ იმყოფება, მხოლოდ ჰიბრიდულზე ვართ გადასული. ესენია წერეთელის, მარნეულის N2 და მარნეულის N5 საჯარო სკოლები“

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ძალაში რჩება მასწავლებლების სავალდებულო ტესტირებაც, რომელიც ყოველკვირეულად ტარდება.

74-ივე სკოლაში სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს განახლდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, აუცილებელია, რომ სასწავლო სივრცეში ყველამ პირბადე ატაროს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები