გაკვეთილები ავარიულ შენობაში და მასწავლებლები რესურსის გარეშე - იმირის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია სჭირდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლაში, სადაც დაახლოებით ასი ბავშვი სწავლობს, გაკვეთილები ინფრასტრუქტურულად გაუმართავ კლასებში მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგი აითენ ზეინალოვა ქართული ენის პედაგოგია, რადიო „მარნეულთან“ ყვება, რომ საკლასო ოთახების კარ-ფანჯარა დაზიანებულია და ბოლომდე არ იკეტება, ამიტომ სიცივე და წვიმა ოთახებში შედის.

,,საკმაოდ დიდი სოფელია და ეს ერთი პატარა სკოლა გვაქვს, ესიც ავარიულ მდგომარეობაშია, წვიმა შემოდის ფანჯრებიდან, ფეჩის ღუმელი გვაქვს რომელიც საკლასო ოთახებს ხშირად კვამლავს. სკოლაში თვალსაჩინო მასალა არ გვაქვს, რაც ნაყოფიერი გაკვეთილის ჩასატარებლად აუცილებელია. იატაკი და კედლები დაზიანებულია. მე ქართულის პედაგოგი ვარ და ხშირად მჭირდება კომპიუტერიც, მაგრამ აქ მხოლოდ დაფაა, ამიტომ გაკვეთილის შინაარსის მიხედვით დაფაზე ვუხატავ თვასაჩინოებას. სკოლაში განათლების ხარისხი არის ნულის ტოლი, რადგან არანაირი ხელშეწყობა არ გვაქვს. ტელევიზორში ვხედავ როგორ შენდება თანამედროვე სტანდარტების სკოლები სხვა სოფლებში თუ ქალაქებში და ამ სოფელს არ გვეღირსა სკოლა. ბიბლიოთეკა არ გვაქვს, რაც აუცილებელია სკოლისთვის“.- ამბობს სკოლის პედაგოგი

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სოფელ იმირის საჯარო სკოლის პრობლემების შესახებ იციან და ამბობენ, რომ სკოლას კოსმეტიკური რემონტი გაუკეთდა და სამომავლოდ სოფელში ახალი სკოლის აშენებაზე საუბარი არის, თუმცა კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.

,,სკოლას გაუკეთდა კოსმეტიკური რემონტი, აქვს ოპტიმიზირებული სკოლა იმირჭალის, ისიც შეკეთდა და აშენდა სველი წერტილებიც. სამომავლოდ გათვალისწინებულია სოფელ იმირში, ასევე დიდ ბეგლიარში ახალი სკოლების აშენება, აღნიშნული სოფლიდან ბევრი მოსწავლე სოფელ საიმერლოს სასწავლო დაწესებულებაში დადის, მათ ტრანსპორტირებას ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს. რაც შეეხება ბიბლიოთეკას, წიგნები მარაგდება რესურს ცენტრიდან ყველა სასწავლო დაწესეულებაში. ვიცით, რომ აღნიშნულ სკოლაში კონკრეტული ფართი არ არის ბიბლიოთეკისთვის, მაგრამ ასეთ შემთხვევებში წიგნები ან სამასწავლებლოში ან სკოლის დირექტორის კაბინეტში ნაწილდება. შესაძლებელია კარ-ფანჯრების გამოცვლაც სკოლის ბიუჯეტით, რომელიც 5000 ლარს შეადგენს და თუ არაქვს ეს თანხა განცხადების საფუძველზე განათლების სამინისტრო დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას“. - გვითრხრეს რესურსცენტრში

მარნეულის მუნიციპლიტეტში სულ 74 სკოლა ფუნქციონირებს. რესურსცენტრში განაცხადეს, რომ 74 სასწავლო დაწესებულებიდან სამს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხოლო 8 თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდა. მათი განმარტებით ჯერ-ჯერობით უცნობია როდის აშენდება თანამედროვე სტანდარტების სკოლა სოფელ იმირში.

რადიო „მარნეული“


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები