ბაღები სათადარიგო გეგმის გარეშე და ბავშვების ინტერესი რომელსაც სახელმწიფო არ ითვალისწინებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღში 2021-2022 სასწავლო წელი, სამთვიანი პაუზის შემდეგ, 4 ოქტომბერს განახლდა. მუშაობის დაწყებიდან ერთ კვირაში, სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღში კორონავირუსი ორ თანამშრომელს დაუდასტურდა და 200 აღსაზრდელი, ორი კვირით, სახლებში გააბრუნეს. ასე მოხდა სოფელ წერეთლის, შაუმიანის, ყიზილაჯლოსა და ქალაქ მარნეულის N3 ბაღშიც.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებები, პერიოდულად, წერტილოვნად იხურება და იხსნება. ბაღების მუშაობის მნიშვნელოვანი წინაპირობა ვაქცინაციაა. მარნეულის სააღმზრდელო დაწესებულებებში პერსონალის დაახლოებით 45%-ია აცრილი უმეტესობა ერთი დოზით.

მარნეულელ მშობელს, მარიამ ქველაძეს, ექსვი წლის ალექსანდრე და ოთხი წლის ლაზარე საიმერლოს საბავშვო ბაღში მას შემდეგ არ მიუყვანია, რაც იქ კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. გაშვების, ჯერჯერობით, ისევ ეშინია. ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ბავშვების ქცევა შეიცვალა. ძალიან დიდი ენერგია და დრო დასჭირდა იმისთვის, კორონავირუსით გამოწვეული სტრესი შვილებისთვის შეემსუბუქებინა.



"სულ შიშში ვარ, რომ წავიყვანო და კიდევ ვინმეს აღმოაჩნდეს ვირუსი? არ ვიცი, რამდენად შემიძლია ვთქვა, რომ უსაფრთხოების ზომები ბაღში დაცულია. ვფიქრობ, რომ მეტად უნდა კონტროლდებოდეს და მშობლებს იმის დისკომფორტი არ გვქონდეს, რომ ყოველ დღე ბავშის ბაღში წაყვანა იყოს შიშის ფაქტორი ჩვენთვის. რაღაც უნდა შეიმუშაოს თუნდაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყვნენ ბავშები. იყო ისეთი პერიოდიც, როცა ჩემებს დაველაპარაკე, რომ ბავშებთან ურთიერთობას მორიდებოდნენ. ალექსანდრემ ძალიან განიცადა. შინაგანი გრძნობები ეტყობა ერთიანად მოაწვა ბავშვს და რომ ვუთხარი გარეთ არ გახვიდე ეზოში ითამაშე-თქო, ტირილი დაიწყო. ამბობდა, რატომ არ უნდა გავიდე, რაღა ჯანდაბაა ეს კორონა, როდის წავა, დედა, ჩვენგან? ძლივს ავუხსენი და დავამშვიდე"

გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა კიდევ ერთი მარნეულელი მშობელი, მარიამ სამხარაძე. განსაკუთრებით მაშინ გაუჭირდა, როცა თან სამსახურისთვის უნდა მიეხედა, თან ბავშები ეკონტროლებინა, რომ „ეკრანდამოკიდებულები“ არ გამხდარიყვნენ.

"ძალია რთულია, როცა ბავშვი მოწყდება ბაღს. ამ მხრივ, კორონავირუსმა დიდი პრობლემები შეგვიქმნა მშობლებს. გარდა იმისა, რომ ბაღი გვაძლევს საშუალებას, მთელი დღე დავტოვოთ ბავშვი, ამავდროულად, დასაქმებული მშობლებისთვის ძალიან დიდი შეღავათია - ბავშვები იქ ბევრ რამეს სწვლობენ. ჩვენ დავიტვირთეთ უფრო მეტად, რომ ბავში არ მიეჯაჭვოს ტელეფონს, კომპიუტერს და ბევრი აქტივობის მოფიქრება გიწევს, რომ გაართო, განავითრო. ეს ყველაფერი დროს და ენერგიას მოითხოვს"



ბაღების დახურვა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის, ამას მარნეულის სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგებიც გვიდასტურებენ. მასწავლებლები, რომლებიც ანონიმურობის დაცის გარანტიით ჩავწერეთ, ამბობენ, რომ დიდი ხანია საკუთარი და ბავშვების ჯანმრთლობის უსაფრთხოებისთვის აიცრნენ, მაგრამ ძალიან რთულია რეგულაციების დაცვა მაშინ, როცა განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი აღსაზრდელი ჰყავთ.

"მე სიით 40-მდე ბავში მყავს, როცა უნდა იყოს 25-27. ქვეყანაში განვითარებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არის ძალიან ცუდი ვითარება, რადგან ჩვენ, ბაღის პედაგოგები ვართ ძალიან რთულ სიტუაცაში. გვაქვს შეხება პატარებთან და დაწესებული დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. ახლა ზოგ მშობელს ეშინია და კიდევ არ მოჰყავს ბავშვები, თორე ორმოცივე რომ მოვიდეს, რა უნდა ვქნათ ერთმა აღმზრდელმა და ძიძამ, არ ვიცი".

"ტრენინგიც ბევრი მაქვს გავლილი და კომპეტენტურიც ვარ ბავშვებთან, მაგრამ არ შემიძლია ეს დისტანციური სწავლება. ჯერ ენის ბარიერი მაქვს და ყველასთან ვერ ვამყარებ ურთიერთობას. ახლა ჩვენი მთავრი პრობლემა ბევრი ბავშვი და ცვლის გარეშე ყოფნაა. რომ მთხოვ რაღაცებს, რესურსიც უნდა შემიქმნა", - ამბობენ პედაგოგები

19 ნოემბრის სტატისტიკით, მარნეულში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, ორი ბაღი და ერთი ჯგუფია დახურული. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შემთხვევები დღითიდღე იმატებს. ამ ფონზე, მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებას არანაირი სათადარიგო გეგმა არ აქვს. არც დამხმარე პედაგოგების რესურსი ჰყვს. არც დამხამრე პედაგოგები ჰყავთ დამხმარე რესურსი რომ სასჭირდეთ. გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, რომ ბაღებში რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავენ. განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი აღსაზრდელის მიღებას კი არასაკმარისი სააღმზრდელო დაწესებულებებით ხსნის.

"დამატებითი გეგმა არ გვაქვს. განათლების სამინისტროს აზრით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, დისტანციური სწავლება არაეფექტურია. სკოლებიც რომ იხურება დაბალი კლასები დისტანციურზე არ გადადიან. არაეფექტურობაზე საუბრობს ისიც, რომ მცირე გამოცდილებაც გვაქვს (დისტანციური სწავლების). ბავშვები არადისციპლინირებულები არიან და არ იციან როგორ მოიქცენ დისტანციური სწავლებისას. მაგრამ მშობლებს აძლევენ რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოქცენ ბავშვებთან ერთად სახლში, თამაშები, ან ხატვა ჩვენი მეთოდოლოგიით. მაგრამ ეფექტურობა უკვე მშობელზეა დამოკიდებული. მაგრამ დისტანციური მეთოდოლოგია, ასეთი ჯერ არ გაგვაჩნია."


დისტანციური სწავლების გამოცდილება მარნეულის საბავშვო ბაღებს გასულ წელს ჰქონდა, როდესაც კორონავირუსის გამო, მთავრობამ საგანმანათლებლო დაწესებულების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ზაურ ქარამოვი ამბობს, რომ აქ მთავრი პრობლემა ინტერნეტი იყო. ფსიქოლოგი, ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ცირა ბარქაია მიიჩნევს, რომ პანდემიიდან ორი წლის თავზე, ინტერნეტი მთავრ პრობლემად აღარ უნდა სახელდებოდეს, დროა სახელმწიფომ და მუნიციპალიტეტებმა ინტერნეტიზაციაზე იზრუნონ. ასევე, როდესაც საუბარი ბავშვების განვითარების და განათლების რეალიზებაზეა, უკვე უნდა არსებობდეს გარკვეული გამოცდილება, რომელსაც და სისტემა დაეფუძნება.



"ახლა, ძალიან სერიოზულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობა და როგორც ჯანმრთელობის უფლება უნდა იყოს დაცული, ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორ ხდება ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა. ადრეული ასაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ბავშვის თავის ტვინი ვითარდება და ვითარდება იმ მხრივ, რა მოცემულობასაც შექმნის და რა გამოცდილებებსაც გაიმყარებს თავის ტვინი ბავშვში, ის ფაქტობრივად ქმნის პიროვნებას და მის შესაძლებლობებს მომავალში. თუ ამ პერიოდში არ მივაქციეთ ამას ყურადღება და განვითარების შესაბამისი სტიმულციისგან დეპრივირებული (ურთიერთობათა უკმარისობა) გვყავს ბავშვები მასობრივად, შეგვიძლია წაროვიდგინოთ, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ"

ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი განმარტავს, რომ აუცილებელია არსებობდეს სიტუაციური გეგმები, რომლებსაც მუნიციპალიტეტები კონკრეტულ მოცემულობებში გამოიყენებენ,, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. ცირა ბარქაია გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავს და მარნეულის სააღმზრდელო დაწესებულებებში აცრის მაჩვენებელს არასაკმარისად მიიჩნევს. ამ ფონზე კი სახელმწიფო ვაქცინაციის რეგულაციების გამკაცრებას არ ჩქარობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 84 სოფელია და ყველას ერთად მხოლოდ 14 სააღმზრდელო დაწესებულება ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი სკოლამდელი განათლების შესაძლებლობას იძლევა, სოფლად მცხოვრები ბევრი ბავშვი ბაღის გარეშე რჩება. 2021-2022 სასწავლო წელს, მარნეულში 11-მა საბავშვო ბაღმა დაიწყო მუშოაბა. ორში ამ დრომდე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 2000 რეგისტრირებული აღსაზრდელიდან 200 დამატებით სიაშია და ამ დრომდე გამოთავისუფლებული ადგილების იმედად რჩება. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, როცა რეგისტრირებულ ბავშვებსაც კი, სახლში ჯდომა უწევთ, არავინ იცის, იხელმძღვანელებს თუ არა სახელმწიფო ბავშვების საუკეთესო ინტერესებით, რომელიც ისედაც ეწირება პანდემიას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები