მარნეულელი მამებისა და ბავშვებისათვის საბავშვო წიგნების პრეზენტაცია გაიმართა
მარნეულელი მამებისათვის „კაცები ზრუნავენ“ კამპანიის ფარგლებში შექმნილი საბავშვო პუბლიკაციების „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ და „იავნანა ლილისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

პუბლიკაციები გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა “პალიტრა L”-მა გამოსცა.

„ეს ორი ჯადოსნური საბავშვო წიგნი დაწერილია ძალიან პოპულარული ავტორების მიერ. ერთი არის ალექსანდრე ლორთქიფანიძე და მეორე არის დათო გორგილაძე და ეს არაა შემთხვევითი ვინაიდან ორივე ავტორი არის ძალიან აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი ძალიან დიდი კამპანიისა რომელსაც ჰქვია „კაცები ზრუნავენ“. ეს კამპანია არის იმისათვის, რომ მეტი მამა ჩაერთოს საოჯახო საქმეებში და მეტი წვლილი შეიტანონ ბავშვების ჩამოყალიბებასა და გაზრდაში, ვინაიდან ასეთ ოჯახებში, სადაც მამები ბავშვის ცხოვრებაში არიან ჩართული ურთიერთობები უფრო ჰარმონიულია და ბავშვები იზრდებიან უფრო ბედნიერები და უფრო ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულები. ამიტომ, ასეთი წიგნები არის ძალიან კარგი საკითხავი მშობლებისთვის და ბავშვებისთვის და ის სწორედ ასეთ ურთიერთობებს ახალისებს“. - გვითხრა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ

ორივე პუბლიკაციის პრეზენტაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება.საბავშვო წიგნების პრეზენტაციას მარნეულელი ბავშვები და მათი მამები ესწრებოდნენ. მარნეულელ დავით ბოჭოიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. თვლის, რომ მამების ჩართულობა ბავშვების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია.

„ასეთი აქტივობები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ყოფიერებაში და დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან სიდუხჭირე, გაჭირვებაა. ყოველდღიური შრომის და საქმიანობის გამო შეიძლება ბევრი ადამიანი ვერც ფიქრობდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამების ჩართულობა შვილების აღზრდაში. როდესაც თითოეულ ადამიანს, თითოეულ მამას მიეწოდება ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილის სიახლოვე, ვფიქრობ, რომ უფრო მეტად დაახლოვებს შვილთან და მიხვდება, რომ შვლების აღზრდა და მათ ხცოვრებაში ჩართვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის გამოც სხვა საქმეების გადადებაც შეიძლება“. - გვითხრა დავით ბოჭოიძემ

წიგნების პრეზენტაციაზე მისულ ბავშვებს პუბლიკაციები ავტორებმა თავად წაუკითხეს. წიგნის „ლუნდა და ციცინათელების პლანეტის“ ავტორი მწერალი დათო გორგილაძეა.

„ჩემს წიგნზე რომ ვთქვა, ესაა ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხონ მამებმა, შვილებმა და დედებმა ერთად. ესაა საბავშვო საკითხავი, რომელიც ხაზს უსვამს ოჯახში ჰარმონიულ თანაცხოვრებას და საქმეების და მათ შორის ბავშვის აღზრდაში მამების თანაბარ ჩართულობას. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ხშირად ჩვენს ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში სხვადასხვა როლი ეკისრება დედებს და მამებს. ეს ტექსტი ხაზს უსვამს იმას, რომ ასე ნამდვილად არაა, მამას შეუძლია და უნდა გააკეთოს იგივე საქმე რასაც აკეთებს დედა დაწყებული საფენის გამოცვლიდან გაგრძელებული კვებით და დამთავრებული ამბების მოყოლით, ან ერთობლივად წიგნების კითხვით“. - ამბობს დათო გორგილაძე

დღევანდელ ღონისძიებაზე ბავშვებმა და მამებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფშიც, რომელიც ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა მოამზადა. ნადარეიშვილი ამავდროულად „ლუნა და ციცინათელების პლანეტის“ ილუსტრატორიცაა.

საბავშვო წიგნების შეძენა მსურველებს წიგნების მაღაზიებში შეეძლებათ. პუბლიკაციები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ხელმისაწვდომი იქნება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაშიც.

რადიო „მარნეული“

Print