20 ქალი და 7 კაცი - მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭო დაკომპლექტდა
15 თებერვალს, მარნეულის საკრებულომ გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. საბჭოში გაერთიანება ნებისმიერ ადამიანს განცხადების საფუძველზე შეეძლო. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობისა და გენდერული განყოფილების უფროსი, ია ესებუა ამბობს, შემადგენლობა 26 ადამიანით დაკომპლექტდა.

გენდერულ თანასწორობის საბჭოში 20 ქალი და 7 კაცია წარმოდგენილი. ესებუას თქმით, 2022 წლის სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ და წევრები განხილვის პროცესში არიან. მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, რაც გენდერული თანასწორობის საბჭო გეგმას ერთხმად დაამტკიცებს.

"თავდაპირველად 24 მსურველი გვყავდა და საბოლოოდ 27 გვყავს. ყველამ, ვინც გამოთქვა სურვილი და შემოიტანა განცხადება, გახდა საბჭოს წევრი. ახლა უკვე იქით კვირაში გვექნება საბჭოს სხდომა, სადაც პირველ რიგში უნდა დავამტკიცოთ გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმა. ჯერ განვიხილავთ ახალ წევრებთან ერთად, რა თქმა უნდა. მათ უკვე გადაეგზავნათ შაბლონები და მუშაობენ. რიცხვი არ გვაქვს დადგენილი, მაგრამ უახლოეს მომავალში გვექნება სხდომა. გეგმის დამტკიცების შემდეგ დავიწყებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც გაწერილი ვაქვს. ველოდებით ახალი წევრების ინიციატივებსაც"
- ამბობს ია ესებუა

მარნეული გენდერულმა საბჭომ მუშაობა 2019 წლის თებერვალში დაიწყო. საბჭოში გაერთიანებული არიან მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

Print