რა (არ) აჩვენეს ირაკლი ღარიბაშვილს მარნეულში
8 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სოფელ დიოკნისში, კახაძეების ოჯახის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. ესტუმრა სოფელ ქუთლიარის ახალ სკოლას, სადაც თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი და სასადილო დაათვალიერა. შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტმა პრემიერს წარმატებული პროექტები გააცნო.  ეს იმ ფონზე, როდესაც მარნეული მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მოდით, დავიწყოთ ქალაქით. ღარიბაშვილი არ გაატარეს ჟორდანიას ქუჩაზე, სადაც აუცილებლად ნახავდა სამი წლის წინ დაწყებულ და დღემდე დაუსრულებელ წყალარინების სიტემის პროექტს, დაზიანებულ გზებს და დიდ ღრმულებს.


ირაკლი ღარიბაშვილს არ დაათვალიერებინეს სოფლის ავარიული სკოლები და, სავარაუდოდ, არც ის უთხრეს,  რომ კრიტიკული შეუსაბამობების გამო, კვირებია ათამდე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები დისტანციურად სწავლობენ. ცუდ მდგომარეობაშია ახკერპის, დიდი ბეგლიარის, თაზაქენდის N2, არახლო-ახლომახმუდლოს, აღმამედლოს და იმირის საჯარო სკოლები.

იმირის სკოლა

პრერმიერს არ აჩვენეს საბავშვო ბაღები და, ალბათ, არც ის უთხრეს, რომ მუნიციპალიტეტის დაახლოებით 84 სოფელს, მხოლოდ 14 საბავშვო ბაღი აქვს. საიდანაც ორში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარერეობს, ხოლო სამი ბაღში ინფასტრუქტურაა მოუწესრიგებელი. ირაკლი ღარიბაშვილი არ წაიყვანეს სადახლოსკენ, სადაც აუცილებლად მოუწევდა ნაგვის მდინარის ნახვა.

ასე გამოიყურება მდინარე ბანოვჩა სადახლოში

მთვრობის მეთაურს მარნეულში ვიზიტისას არ დაუთვალიერებია სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული 503 800 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს. მაგალითად, ხარვეზით არის მოწყობილი ქვემო სარალის საჯარო სკოლა, ხულდარას შიდა გზა, სოფელ სადახლოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, სოფელ დამიაგეურარხში კომბინირებული მინიფეხბურთისა და კალათბურთის მოედნი და სხვა. ირაკლი ღარიბაშვბილს, სავარაუდოდ, არაფერი უთხრეს წყალმომარაგებაში არსებულ ხარვეზებზე და იმაზე, რომ მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობას სასმელი წყალი მიეწოდება შეფერხებით ან გრაფიკით, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი ზოგიერთ შემთხვევაში არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.



პრემიერთან ერთად, მარნეულში იმყოფებოდა ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი. მათი ვიზიტის შესახებ არაფერი უთხრეს რადიო „მარნეულს“ და კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებას. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჟურნალიტურმა ეთიკის ქარტიამ. ტექსტში აღნიშნეს, რომ მედიასაშუალებების მიმართ შერჩევითობა და არათანაბარი მოპყრობა დაუშვებელია. ქარტიას მიაჩნია, რომ საჯარო უწყებების მსგავსი ქმედებები ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს და კიდევ უფრო საშიშს ხდის ჟურნალისტურ საქმიანობას. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები