რამდენი ლარით აფინანსებს მარნეულის მერია სტუდენტების მგზავრობას
მარნეულის მუნიციპალიტეტში მგზავრობს დაფინანსებით, 2022 წლის თებერვლის თვეში, 8 სტუდენტმა, მარტის თვეში კი, 6-მა სტუდენტმა ისარგებლა. სტატისტიკა მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა გიორგი ფარჯიანმა გვითხრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების მგზავრობას ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვიურად 50 ლარით აფინანსებს.

საუბარია სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებზე. მათ შორის, წარჩინებულებზე, სოციალურად დაუცველებსა და ომის ვეტერანების შვილებზე. ფარჯიანი ამბობს, რომ პანდემიის გამო, მიმართვიანობა შემცირებულია.

„მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი იყო 4 და ერთი იყო ვეტერანის შვილი, ვინც განცხადება შემოიტანა მარტის თვეში. თებერვალში 6 იყო მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი და ორი იყო ომის ვეტერანის შვილი. თანხა 50 ლარი ერიცხებათ ანგარიშზე ყოველთვიურად. დოკუმენტაცია კი ყოველ სემესტრში ახლდება“

გიორგი ფარჯიანის თქმით, გასულ წელს მგაზვრობის დაფინანსების მოთხოვნით , დაახლოებით 75-მა სტუდენტმა მიმართა მერიას.

დაფინანსების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება მერის სახელზე;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
  • სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემებით) რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 1 წლის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
  • საბანკო რეკვიზიტები.“.
დაფინანსება არ ვრცელდება ,,4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელებსა და პირველი სასწავლო კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტებზე.

რამდენი ხანი შეიძლება ეყოს სტუდენტს 50 ლარი?

აქ, რამდენიმე რამდენიმე შემთხვევა შეგვიძლია გავითვალისწინოთ. მაგალითად, თუ სტუდენტი ქალაქ მარნეულში ცხოვროვბს და კვირაში 5 დღე უწევს უნივერსიტეტში წასვლა, მერიის მიერ ჩარიცხული 50 ლარი, დაახლოებით 7 დღის განმავლობაში ეყოფა.

იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი ქალაქში ქირით ცხოვრობს და მარნეულში იშვიათად ჩამოდის, მერიის მიერ გაცემულ 50 ლარს, სავარაუდოდ, ორ კვირაზე გადაანაწილებს.

სულ სხვა სიტუაციაა სოფელში მცხოვრებ სტუდენტებზე, რომლებიც ქალაქ მარენულიდან შორს ცხოვრობენ და უნივერსიტეტში სიარული ყოველდღიურად უწევთ. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 50 ლარის განაწილებას მხოლოდ 5 დღეზე შეძლებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი მერიამ 2021 წლის 8 ნოემბერს დაამტკიცა.


Print