მარნეულის კოლეჯ „მოდუსში“ 6 საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია მაისიდან დაიწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის რეგისტრაცია ორი მაისიდან დაიწყება. მარნეულში კოლეჯ „მოდუსში“ მიღება 6 საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადდება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კოლეჯ „მოდუსის“ მარნეულის მენეჯერმა ნინო მთვარელიძემ განაცხადა, რომ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების მიზნით დღეს, 15 მაისს, კოლეჯში მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

„დღეს მოვიწვიეთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მოადგილეები, და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია გახლავთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, რადგან ჩვენ სამომავლოდ ვგეგმავთ მოსახლეობასთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს და პროფესიული განათლების სახელმწიფო სერვისით მეტმა მოსახლეობამ ისარგებლოს“. - განაცხადა ნინო მთვარელიძემ

კოლეჯ „მოდუსში“ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სტუდენტებისათვის უფასოა. ნინო მთვარელიძის განმარტებით, თითოეული პროგრამა სახელმწიფოსაგან ფინანსდება რის გამოც სტუდენტებს საფასურის გადახდა არ უწევთ.

გთავაზობთ კოლეჯ „მოდუსის“ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომელზეც მიღება ორი მაისიდან გამოცხადდება და 22 აგვისტოს დასრულდება:
• მეხილეობის ინტეგრირებული პროგრამა
• მებოსტნეობა
• აღმზრდელი
• ბუღალტრული აღრიცხვა
• ელექტროობა
• ინფორმაციის, ტექნოლოგიის მხარდაჭერა
კოლეჯ „მოდუსის“ მარნეულის მენეჯერის განმარტებით, გარკვეულ პროგრამებზე ადგილების რაოდენობა 15-ია, ხოლო ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე 30 ადგილია.

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წინაპირობები, ისევე როგორც სწავლების ხანგრძლივობა, განსხვავდება. ზოგიერთი პროგრამა არის სადაც მიიღებიან მეცხრე კლასის ადესტატის მქონე პირები, მაგალითად ესეთია ელექტროობა, ბუღალტერია, ინფორმაციის, ტექნოლოგიების მხარდაჭერა და ასევე მეხილეობის ინტეგრირებული პროგრამა. ხოლო, რაც შეეხება, ბუღალტრულ აღრიცხვას და აღმზრდელის პროგრამას, აქ აუცილებელია რომ პირს ჰქონდეს 12 კლასის ატესტატი. მეხილეობის ინტეგრირებულ პროგრამაზე მინდა გავაკეთო აქცენტი, ესაა უნიკალური პროგრამა. მეცხრე კლასიდან შეუძლია გამოვიდეს მოსწავლე, ჩააბაროს ჩვენთან და სამი წლის განმავლობაში ისწავლოს და ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ის მიიღებს პროფესიული განათლების დიპლომს მეხილეობაში, რომელიც ასევე გათანაბრებული იქნება მეთორმეტე კალასის ატესტატთან“.

დაინტერესებულ პირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პორტალზე vet.emis.ge-ზე შეუძლიათ.

რადიო „მარნეული“

Print