მარნეულში სკოლას წელს 1 265 მოსწავლე დაამთავრებს
მარნეულის საჯარო სკოლებში საზაფხულო არდადეგები 15 ივნისიდან დაიწყება. მეთორმეტე კლასელებისათვის სკოლა შედარებით ადრე, 20 მაისს დასრულდება, ხოლო პირველკლასელებს 27 მაისს დაითხოვენ. როგორც ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელი, ირმა დავაძე ამბობს, 2021-2022 სასწავლო წელს მარნეულის საგანმანათლებლო დაწესებულებებში „ბოლო ზარი“ 1 265 მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სასწავლო წლის მიწურულს ექსქურსიებზე დადიან. კორონავირუსის გამო, დაახლოებით ორი წელი, მსგავსი გასვლითი საგანმანათლებლო ტურები აკრძალული იყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლება აქვთ. მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.

გარდა ამისა, ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

Print