მარნეულელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია
24 ივნისს, 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა. კონკურსანტებს შორისაა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი. ლალი მარგიანი უკვე ხუთი წელი, რაც ეთნიკურ უმცირესობებს სახელმწიფო ენის შესწავლაში ეხმარება. ათეულის წევრობის შესახებ ინფორმაცია პედაგოგმა სატელეფონო ზარით გაიგო. როგორც თვითონ ამბობს, ამბავი მოულოდნელი და ამავდროულად სასიხარულო იყო.

„თავს ვიკავებდი მონაწილეობის მიღებაზე და ბოლო დღეს, ნათია დავითაიამ და ლამარა ბოლქვაძემ შემავსებინეს აპლიკაცია. გასაუბრების ეტაპზეც გადავედი და აი, აქედან დამეწყო ფორიაქი. ძალიან ღირსეული მასწავლებლები მონაწილეობენ, ჩემზე მილიონჯერ უკეთესები და არ ველოდი. ზარი რომ შემოვიდა და მომილოცეს, არ მეჯერა. ახლაც ეიფორიაში ვარ ეს იმდენად დიდი პატივია ჩემთვის. უფრო მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი მოტივაცია და სტიმულია  ათეულის წევრობა. ჩემთვის ეს უკვე გამარჯვებაა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა, ვინც მენდო და ჩათვალა, რომ მართლა ვიმსახურებდი ამ ჯილდოს“ - ამბობს ლალი მარგიანი.

საქართველოს მასშტაბით მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე სულ 771 პედაგოგი წარადგინეს, განაცხადი კი 94-მა  შეავსო. ქვემო ქართლიდან ათეულის წევრი ასევე გახდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი, ირა ძირკვაძე.

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ამავე კონკურსში მარნეულელ პედაგოგებს მონაწილეობა  წარმატებით არაერთხელ მიუღიათ. 2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში გავიდა ქალაქ მარნეულის N2 და N5 სკოლის პედაგოგი, თემურ სუყაშვილი. 2019 წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე, 2021 წელს კი ხუთეულის წევრობა მოიპოვა მარადისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ლამარა ბოლქვაძემ.

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეული  5 სექტემბერს გამოვლინდება, მათგან  ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.


Print