წალკელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირა ძირკვაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია. ხუთი წელია, რაც ის წალკაში ქართულ ენასა და ლიტერატურას და ინგლისურ ენას ასწავლის.  მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წელს კოლეგამ წარადგინა, განაცხადი კი ბევრი ფიქრის შემდეგ შეავსო. ირა ძირკვაძესთვის ათეულის წევრობა დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა.

„ათეულში მოხვედრა მოულოდნელი იყო, რადგან სულ ვფიქრობდი, რომ პატარა გამოცდილება მქონდა და ვერ ვბედავდი განაცხადის შევსებას. შარშანაც ვიყავი წარდგენილი და არ შევავსე, წელსაც ბევრი ვიფიქრე. ათეულის წევრობა ნიშნავს ვეებერთელა პასუხისმგებლობას, ასევე უფრო თავდაჯერებულად შევძლებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა“ - ამბობს ირა ძირკვაძე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეული  5 სექტემბერს გამოვლინდება, მათგან  ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები