ჭაპალას სკოლის კურსდამთავრებულმა აზერბაიჯანულ ენაზე უნარების გამოცდაში 80 ქულიდან 75 აიღო
ჭაპალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა აისუნ ნაბიევამ აზერბაიჯანულ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდაში 80 ქულიდან 75 აიღო. აისუნი რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ ასეთ შედეგს არ ელოდა.

"ძალიან გახარებულივარ რომ ამდენი ქულა მივიღე. წინა გაზაფხულიდან მოყოლებული ფარვინ მასწავლებელთან ვემზადებოდი, მაგრამ არ ველოდი რომ ამდენ ქულას ავიღებდი. ვფიქრობდი, რომ 60 ქულას ან ცოტა მეტს მივიღებდი. მათემატიკის ნაწილი ჩემთვის უნარებთან შედარებით ძალიან ადვილი იყო. ჯერ არ ვიცი რაზე მი და სწავლის გაგრძელება. მასწავლებლობაც მინდა და ექიმობაც, ჯერ კიდევ მაქვს დრო რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო".

აისუნს უმაღლესი განათლების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს.

5 აგვისტოს, აზერბაიჯანულ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

1+4 პროგრამა, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს, ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლოვაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.
2010 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
Print