ჩხენკელი თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად არ განიხილება - სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება, სიცრუეა.

მათი თქმით, ჩხენკელი მომავალში უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობასაც არ აპირებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი შარვაშიძე თსუ რექტორის მოვალეობას 15 ოქტომბრამდე შეასრულებს. ის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით – 2020 წელს აირჩა.

თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტმა გუშინ, 10 ოქტომბერს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები