11 წელში რუსულენოვანი უნარების გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 58%-იდან 1%-მდე შემცირდა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, რომელიც ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირებას ახდენს, საქართველოს მასშტაბით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობა 2010 წლიდან 2018 წლამდე 5-ჯერ გაიზარდა.

„2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე. წ. „1+4“ პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას“.

განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობა საშუალო წლიურად 22%-ით იზრდებოდა ცხრა წლის განმავლობაში.

„თუ შევხედავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემებს, ვნახავთ, რომ დარეგისტრირებული 38,415 აბიტურიენტიდან 2,665 დარეგისტრირდა არაქართულენოვან უნარების გამოცდაზე 2021 წელს, რაც აბიტურიენტების 7%-ს შეადგენს“.

2010 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 253 სომხურენოვანი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ზოგადი უნარების გამოცდაზე, რაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აბიტურიენტების 18%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი 21%-მდეა გაზრდილი 2021 წელს, რადგან გამოცდებზე 565 სომხურენოვანი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აზერბაიჯანულენოვან უნარების გამოცდაზე 2010 წელს 335 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რამაც აბიტურიენტთა 24% შეადგინა, ხოლო 2021 წელს მათი რაოდენობა 2 076-მდე გაიზარა, რამაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აბიტურიენტების 78% შეადგინა. რაც შეეხება რუსულენოვან აბიტურიენტთა რაოდენობას, სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამავე პერიოდში რუსულენოვანი ზოგადი უნარების ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 58%-იდან 1%-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მასშტაბით სულ 6 რუსულენოვანი სკოლა ფუნქციონირებს. აქედან 2 სკოლა სრულად რუსულენოვანია, ხლო ოთხში ქართული და რუსული სექტორი ფუნქციონირებს.

„რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა შემცირება შეინიშნება. მარნეულში სულ გვაქვს ექვსი რუსულენოვანი სკოლა, სამი ქალაქში, სამი კი სოფელში. ქალაქშია მეორე და მეექვსე სკოლა, რომელიც ქართულ სექტორსაც შეითავსებს და ნამდვილად შეინიშნება ტენდენცია იმისა, რომ ქართული კლასები უფრო მეტი დარეგისტრირდა პირველ კლასში, ვიდრე რუსული. მეთხე სკოლა სრულად რუსულენოვანია და იქ რაოდენობა ფაქტობრივად არ იცვლება და ყოველ წელს ორ კლასს იღებენ. რაც შეეხება სოფლის სკოლებს, ნამდვილად შეინიშნება რუსულენოვანი მოსწავლეების რაოდენობის კლება. ეს სკოლებია სოფელ შულავრის N2, ოფრეთის და შაუმიანის სკოლები“. - აცხადებს მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ირმა დავაძე

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, რუსული სექტორები ჰქონდათ ყულარისა და ალგეთის საჯარო სკოლებსაც, თუმცა ამ სკოლებში პირველკლასელები აღარ რეგისტრირდებოდნენ, რის გამოც ისინი დაიხურა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები