მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ კერძო სკოლაში „დავით აღმაშენებლის
სახელობის სკოლა-ლიცეუმში“ სასწავლო პროცესი 8 მარტიდან შეწყდება.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ალი გახრამანოვმა განაცხადა, რომ სკოლამ
ვერ გაიარა ავტორიზაცია, რის გამოც საგანმანათლებლო დაწესებულებაში
სასწავლო პროცესი მხოლოდ საგაზაფხულო არდადეგების დაწყებამდე
გაგრძელდება, შემდგომ კი სკოლა დაიხურება.
„ახლა ვმუშაობთ სკოლის მოსწავლეების გადანაწილებაზე. სულ
56-მე მოსწავლეა ამ სკოლაში და ისინი სხვადასხვა საჯარო სკოლებში
გადანაწილდებიან. ჩემი ინფორმაციით სკოლამ ვერ გაიარა ავტორიზაციის
პროცესი რის გამოც ის დაიხურა“. - განაცხადა ალი
გახრამანოვმა
რადიო „მარნეულთან“ სუბრისას დავით აღმაშენებლის სახელობის
სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა აჰმედ თუღრულმა განაცხადა, რომ სკოლაში
მონიტორინგის სამსახური დაუგეგმავად, საჩივრის შესვლის საფუძველზე,
შევიდა. მისივე განმარტებით, მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში ორი
ხარვეზი იყო აღნიშნული, რასთან დაკავშირებითაც სკოლის ადმინისტრაციამ
სამსახურს შესაბამისი პასუხიც გაუგზავნა, მაგრამ სკოლას ავტორიზაცია
მაინც შეუჩერეს.
„მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა ორი ხარვეზი, ამ
ხარვეზების საპასუხოდ ჩვენც ვუპასუხეთ, რომ ეს ხარვეზები მიღებულია და
გასწორებულია. გუშინ იყო სხდომა და იმ სხდომაზე მაინც მიიღეს
გადაწვეტილება და სკოლა დახურეს, ავტორიზაცია შეწყდა. დასკვნაში
დაწერილი ორი ხარვეზიდან ერთი არის დახურული სპორტული დარბაზის
სიმცირეზე, ამბობენ რომ 75კვ.მ დარბაზი პატარააო და მეორე ხარვეზი ის
იყო, რომ შეფასების შემთხვევაში დაკოპირებულია 7 მოსწავლის
შეფასებებიო. ანუ, 7 მოსწავლის ნამუშევრები ვნახეთ და შვიდივე არის
ერთნაირად შეფასებულიო და სწორად არაა შეფასებულიო“. -
განაცხადა აჰმედ თუღრულმა
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გუშინ, 27
თებერვალს, შეუჩერეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა
განაცხადა რომ მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას
აპირებენ და სასმართლოში განცხადებას დღეს, 28 თებერვალს,
შეიტანენ.
რადიო „მარნეული“