ჩვენი გადარჩენის გზა სწორედ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზეა, ეს კანონი კი ხელშემშლელია - მასწავლებელი თემურ სუყაშვილი
მარნეულში მომუშავე პედაგოგი თემურ სუყაშვილი „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გამოყოფილი „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას, სტუდენტსა და მოსწავლეს გაუჩნდება ნიჰილიზმის განცდა და უფრო ინტენსიური გახდება ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინების პროცესი.

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავიწყე სკოლაში მუშაობა მოსწავლეებთან სულ ვსაუბრობ ევროინტეგრაციაზე, ნატოში გაწევრიანებაზე, იმ სიკეთეებზე, თუნდაც რაც ამ ეტაპზე გვაქვს. მუდმივად ვთანხმდებით, რომ ჩვენი გადარჩენის გზა სწორედ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზეა. უშუალოდ ეს კანონპროექტი არის თუ არა ხელშემშლელი ფაქტორი, ამაზე რომ ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ, პრინციპში ჩვენი პარტნიორები თვითონ გვეუბნებიან, რომ ეს იქნება ხელშემშლელი ფაქტორი, შესაბამისად მსჯელობა, არის თუ არა ეს ხელშემშლელი უკვე აღარ ხდება საჭირო ვინაიდან ვიცით, რომ თუ ჩვენ მივიღებთ კანონპროექტს ეს ხელს შეუშლის საქართველოს ევრო სტრუქტურებში ინტეგრაციას და უკან დახევს ამ პროცესისგან“.

მარნეულში მომუშავე მასწავლებელმა იმ პროგრამების შესახებაც ისაუბრა, რაც ქვემო ქართლში სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„მე მახსენდება 2021 წელს, გაქანებული პანდემიის პერიოდში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „მე აქტირუი მოქალაქე“ რომლის ფარგლებშიც ქვემო ქართლში არა ერთი ახალგაზრდა და მასწავლებელი გადავამზადეთ და შევასწავლეთ ის ტაქტიკური უნარ-ჩვევები რაც საჭიროა აქტიური მოქალაქეებისთვის, უნარები განვუვითარეთ. ამას რომ თავი დავანებოთ, დასავლური ქვეყნები და ორგანიზაციები პირდაპირ ეხმარებიან სკოლებს, ბაღებს, იქნება ეს სხვადასხვა ინფრასტურქტურული პრობლემების მოგვარება, რემონტი, მშნებელობა, სასმელი წყლის მოწყობა თუ ა.შ.“.

თემურ სუყაშვილის განცხადებით, მოქალაქეებმა და განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა უნდა შეადარონ ერთმანეთს საქართველოსათვის დასავლეთიდან და რუსეთიდან მიღებული დახმარება და ამის მიხედვით უნდა მიიღონ გადაწყეტილება, დაუჭერენ თუ არა მხარს კანონს „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ.

„რომ გადავხედოთ ისტორიას, ჩვენი ჩრდიო მეზობელის ერთადერთი დახმარება რაც არის, ის გვიღობავს საკუთარ ტერიტორიას, ავლებს მავთულხლართებს და გვიყრის თავზე ბომბებს, ხოლო დასავლური ორგანიზაციები და ქვეყნები ისეთი ტიპის დახმარებას გვიწევენ, რომელიც ქვეყნის გამართვაზეა ორიენტირებული. ანტიდასავლური პროპაგანდა სწორედ აქ უნდა დავამარცხოთ, უნდა შევადაროთ ერთმანეთს რაში „გვეხმარება“ რუსეთი და რა არის ნამდვილი მეგობრის დახმარება“. - აცხადებს თემურ სუყაშვილი

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 2 მარტს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა რუსულ კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების პროტესტის ფონზე განიხილავდა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რა დროსაც დარბაზიდან საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატები გააგდეს. მედიის წარმომადგენლებს კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ მიეცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი სხდომაზე დასწრება რამდენიმესაათიანი ბრძოლისა და პოლიციის კორდონების გადალახვის შემდგომ შეძლეს.

რამდენიმესაათიანი განხილვების პარალელურად პარლამენტთან მიმდინდარეობდა აქცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლემნტის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს სამი ჟურნალისტი. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ორი ჟურნალისტი და 30-მდე მოქალაქე. ჟურნალისტები გუშინვე გაანთავისუფლეს, ხოლო მოქალქეები ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.

ევროკავშირისა და აშშ-ს დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლები კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ კანონმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“, „სალამი“, „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, რადიო „მარნეული“... - ეს იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მცირე ჩამონათვალია რომლებსაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის.

ქართული ოცნებისაგან გამოყოფილი დეპუტატების ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტიც უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება „უცხოური გავლენის აგენტად“ ჩაითვლება. მსგავსი კანონი რუსეთმა 2012 წელს მიიღო რამაც ფაქტობრივად გააქრო თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი. საქართველოში მომუშავე დამოუკიდებელი მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიზანი, რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობაა.

Print