ნებისმიერი კანონი, რომელიც ევროპულ და დასავლურ ღირებულებებს დაგვაშორებს, ჩემთვის მიუღებელია" - ლელა ხარშილაძე
„ნებისმიერი კანონი, რომელიც ევროპულ და დასავლურ ღირებულებებს დაგვაშორებს, ჩემთვის მიუღებელია. როგორც უბრალო მოქალქე ვისურვებდი, რომ ისეთი კანონი მიიღონ, რომელიც ევროპას უფრო დაგვაახლოებს და დასავლურ ღირებულებებს.“ - ასე ეხმაურებნა მარნეულელი ლელა ხარშილაძე „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გამოყოფილი „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ და ამბობს, რომ სიტყვა აგენტი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი მცნებაა და ღალატთან ასოცირდება.

„სულაც არ ვთვლი, რომ არასამთავრობოები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოური ფულით, „აგენტები" არიან. ბევრი არასამთავრობოა, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ საქართველოში და ძალიან ცუდი იქნება თუ შეწყვეტენ ეს არასამთავრობოები ფუნქციონირებას - ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე. მე პირადად, როდესაც ტელევიზიაში ვმუშობდი, ბევრი პროექტი გვქონდა ამ კუთხით. მოსახლეობასთან გვქონდა საუბარი რისთვის არის ნატო და ევროკავშირი კარგი, რატომ უნდა გაწევრიანდეს საქართველო, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ამით გლეხმა. ძალიან ბევრი არასამთავრობოები იყვნენ ჩართულები და აფნანსებდნენ ტელევიზიას და სულაც არ ვთვლი, რომ „აგენტი“ ვარ. აგენტი სულ სხვა მცნებაა, ის ასოცირდება ღალატთან. რომ გავიხსენო მარნეულის მაგალითზე, CENN-ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის და მივესალმები მათ მუშაობას. იგივე შემიძლია ვთქვა USAID-ზეც“

ქართული ოცნებისაგან გამოყოფილი დეპუტატების ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტიც უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება „უცხოური გავლენის აგენტად“ ჩაითვლება. მსგავსი კანონი რუსეთმა 2012 წელს მიიღო რამაც ფაქტობრივად გააქრო თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი. საქართველოში მომუშავე დამოუკიდებელი მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიზანი, რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობაა.

6 მარტს, საქართველოს პარლამენტში კანონპროქტს უკვე მეორედ განიხილავენ. დილიდან ასობით ადამიანია შეკრებილი საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც რუსული ანალოგის კანონპროექტს აპროტესტებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები