რატომ შეუჩერდა ავტორიზაცია მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლას
მარნეულში „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი განცხადება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არ დააკმაყოფილა. სკოლის მასწავლებლებმა და მშობლებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მას შემდეგ მიმართეს, რაც სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თორმეტივე წევრმა მხარი დაუჭირა „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ ავტორიზაციის შეჩერებას. როგორც სხდომის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, საბჭოს წევრების ერთობლივი განმარტებით, დაწესებულებაში დარღვეული იყო ავტორიზაციის პირველი და მეორე სტანდარტი.

„ქვესტანდარტი, რომლის მიხედვითაც, დაწესებულებას არ გააჩნდა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ჩატარებისთვის შესაბამისი სპორტული დარბაზი, რაც საფრთხეს უქმნიდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფიზიკური აღზრდის სტანდარტის მოთხოვნების სრულფასოვან შესრულებას სასწავლო წლის განმავლობაში, მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად
ქვესტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეთა შეფასება არ იყო სანდო და ვალიდური. დაწესებულებაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, თუ რამდენად ემსახურებოდა ის მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებას.
ქვესტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ე. წ. სააქტო/სპორტული დარბაზი შეუსაბამო იყო ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისთვის განკუთვნილი სპორტული აქტივობებისთვის, რადგან მდებარეობდა შენობის სხვენში, მანსარდის ტიპის დაბალჭერიან სივრცეში და არ გააჩნდა საევაკუაციო გასასვლელი. აღნიშნული გარემოება მოსწავლეებისთვის ასევე, იყო საფრთხისშემცველი“.
- აღნიშნულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციიის საბჭოს გადაწყვეტილებაში

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა დარღვევებთან ერთად სკოლაში აღმოჩნდა ვადაგასული მედიკამენტები, რაც საბჭოს აზრით პრობლემურ საკითხს წარმოადგენს, ამასთან ერთად გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ დაწესებულება სათანადო წესით არ ამუშავებდა სკოლაში დამონტაჟებულ წყლის ავზებს და არ გააჩნდა ავზების დამუშავების დამადასტურებელი ჟურნალი რაც ასევე კანონდარღვევას წარმოადგენს.

„საბჭოს თავმჯდომარემ, დავით მალაზონიამ განაცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ დასკვნას. მისი განცხადებით, საბჭოს სხდომაზე დაწესებულების მიერ ვერ იქნა სრულყოფილად წარმოდგენილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების შესახებ პასუხები. ასევე, დავით მალაზონიამ აღნიშნა, რომ შეუსაბამობები ეხებოდა სკოლაში უსაფრთხო გარემოს არ არსებობასა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებთან და შედეგებთან თავსებადობას“. - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ დირექტორმა აჰმედ თუღრულმა განაცხადა, რომ სკოლის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე ამზადებს სარჩელს სააპელაციო საბჭოში შესატანად.

1 მარტს, საპროტექსტო აქცია გაიმართა მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, კერძო სკოლის დახურვის გამო. მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და საგანმნათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ „დავით აღმაშნებლის სახლეობს სკოლა-ლიცეუმს“ ავტორიზაცია უსამართლოდ გაუუქმდა. შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეება და სკოლის ადმინისტრაციამ მარნეულის შემდეგ საპროტესტო აქცია თბილისში გამართა. მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ტრანსფარანტებით მივიდნენ და სკოლისათვის მუშაობის გარძელებას ითხოვდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩა.

კერძო სკოლაში განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევევების გამო სასწავლო პროცესი 8 მარტს შეწყდება. საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები მარნეულის სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილა.

რადიო „მარნეული“

Print