მარნეულის სკოლები მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისადმი მიმართული პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს გადამზადება, რის შემდეგაც მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველოს“ თავმჯდომარემ თიკო ცომაიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში იმ ძალის, ცოდნისა და უნარების დანერგვაა, რომელიც მათ მავნე ნივთიერებების გამოყენებისაგან დაიცავს.

„ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რასთან აქვთ საქმე, რა პრობლემაა, რა ზიანი შეიძლება მიიღო და შემდგომ ამ ცოდნაზე დაფუძნებული ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთო შენს საკეთილდღეოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ, ზოგადი კეთილდღეობისათვის. ეს დედააზრი აქვს პროექტს და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ დავუკავშირდით სკოლებს, რადგან სკოლები არიან ის ადგილები სადაც ცოდნა იქმნება და თავიდანვე შეიძლება რომ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა, მიიღონ ეს განათლება და შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება“.
- განაცხადა თიკო ცომაიამ

ცომაიას განმარტებით, პროექტში ჩართული იყო 10 სკოლა ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მხარეებიდან. მარნეულიდან პროექტში სამი სკოლა, რომან ზოიძის სახელობის შულავრის N1 საჯარო სკოლა, მარნეულის N2 და მარნეულის N5 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. სკოლებმა შეიმუშავეს კამპანიები მავნე ნივთიერებების მოხმარების პრევენციისათვის და განახორციელეს აქტივობები, რის შემდეგადაც სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვება შულავერის სკოლას მიანიჭა.

პროექტის ფარგლებში დღეს, 28 ივნისს, მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ფსიქოლოგები მავნე ნივთიერებების პრევენციაზე საუბრობდნენ, გაიმართა ნახატების გამოფენა და განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციები.

„ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ მინი პროექტი, რომელსაც ერქვა „ნუ იქნები მიჯაჭვული“. ამ კამპანიის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა იყო ერთმანეთზე მიბმული. ერთი იყო ნახატების კონკურსი, რომელიც გამოვაცხადეთ შემდეგი იყო საფეხბურთო ტურნირი, სადაც გოგოებმა და ბიჭებმა სცადეს ბედი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავაკეთეთ - გადავიღეთ ორი სოციალური შინაარსის ვიდეო რგოლი და ერთ-ერთის ჩვენებას დღეს ვაპირებთ“. - განაცხადა მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა თემურ სუყაშვილმა

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „თემიდას“ და ეკო კლუბ „გამონათების“ ხელმძღვანელი დალი კეკელიძე აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში სკოლაში არაერთი აქტივობა განახორციელეს.

„ჩვენ ნოემბერ-მაისის განმავლობაში განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობა. თავდაპირველად გავწერეთ პროექტის გეგმა და ამ გეგმამ გაიმარჯვა. ამ გეგმის მიხედვით ჩავატარეთ სხვადასხვა აქტივობები - ჩავატარეთ პრეზენტაციები, დავბეჭდეთ ბუკლეტები, გამოვაცხადეთ კონკურსი ესეებსა და ნახატებში. ადიქციის პრევენციის ფარგლებში ერთ-ერთ მეთოდად ავირჩიეთ სპორტი და ჩავატარეთ სხვადასხვა ტურნირი, მათ შორის ტურნირები ბიჭებისთვის ფეხბურთსა და ხელბურთში, ასევე ტურნირი ფეხბურთში გოგოებს შორის. ასევე ჩავატარეთ კონცერტები და გვქონდა თავისუფალი ნომრებიც, ასევე გვქონდა შემაჯამებელი ღონისძიება და სოფლის მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია ადიქციასთან დაკავშირებით“. - განაცხადა დალი კეკელიძემ

დალი კეკელიძის განმარტებით, პროექტი მნიშვნელოვანი იყო როგორც სკოლის, ისე თემის განვითარებისათვის. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რომან ზოიძის სახელობის შულავრის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ ლინდა ბერიძემ განაცხადა, რომ პროექტში მონაწილეობამ მას გამოცდილება შესძინა.

„ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პროექტმა მომცა უამრავი გამოცდილება. არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ ცოდნაც. გავიაზრე უფრო კარგად ადიქციის მნიშვნელობა და ეს იყო ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი. ამ პროექტის ფარგლებში გავიცანი უამრავი ადამიანი, რომელთანაც დავამყარე ეფექტური ურთიერთობები და შესაძლებლობა მომეცა რომ უფრო კარგად გამეაზრებინა ადიქციის მნიშვნელობა და მათთან ერთად გადამეჭრა ეს საკითხი“. - განაცხადა ლინდა ბერიძემ

სკოლებში აქტივობები „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველოს“ პროექტის -„ჩემი ფხიზელი გონების“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტს მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი და ევროკავშირი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1