წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ წალკაში
კულტურის სახლის
მშენებლობისათვის ტენდერი გამოაცხადა. წალკის მერია კულტურის
სახლისთვის 2 სართულიანი შენობის აშენებას 3 949 247 ლარად გეგმავს.
სატენდერო წინადადების მიხედვით, კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზი
325 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
„შენობა ორსართულიანი, პირველ სართულზე ცენტრალური
შესასვლელი, ბილეთების სალარო, დაცვის ოთახი, ღია საგამოფენო სამოძრაო
დასასვენებელი სივრცე, აივნებით, მუზეუმი, საცეკვაო დარბაზი, საცეკვაო
სტუდიით, საკონცერტო დარბაზი 325 მაყურებელზე, ტექნიკური ოთახით.
მეორე სართულზე განთავსებულია ადმინისტრაცია, მუსიკალური
სასწავლებელი, ინვენტარის სათავსო. განათების და ხმის ოთახი, შენობა
ადაპტირებულია შშმ პირებზე“. - აღნიშნულია საპროექტო
წინადადებაში
წალკის მერია კულტურის სახლის მშენებლობას არისტოტელეს ქუჩაზე
არსებული 3 422 კვ.მ მიწის ფართობზე გეგმავს.
კულტურის სახლის ტენდერში მონაწილეობა კომპანიებს 22-დან 27 აპრილამდე
პერიოდში შეუძლიათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში
შეასრულოს.
რადიო „მარნეული“