„თეატრი ერა“ რუსთავში ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება
„თეატრი ერა“ ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება. პირველი დადგმა, რომელიც რუსთავში გაიმართება, საბინა გაიბალიევას ავტორობით შექმნილი „გიჟი ფსიქოლოგის უცნაური სეანსებია“. სპექტაკლი 29 მარტს, 15:00 საათზე, რუსთავში მდებარე „ბრავო თეატრის“ სცენაზე იქნება წარმოდგენილი. ეს „ერა თეატრისთვის“ პირველი შემთხვევაა, როდესაც საკუთარ შემოქმედებას რუსთაველ მაყურებელს გააცნობს.

სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა, ანარ რაფიღოღლუმ „მარნეულის“ რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ დადგმა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიერ

ქართულ ენაზე იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, სამსახიობო დასის ოთხი წევრისთვის ეს სპექტაკლი თეატრის სცენაზე სადებიუტო იქნება.

როლებში მონაწილეობენ: საბინა გაიბალიევა, ნურლან ფარჰადოვი, დინარ აჰმედოვი, აიგუნ მიკიევა და ლამან ნაბიევა. სპექტაკლის რეჟისორის ასისტენტი კი ვუსალ ვალიევია.

შეგახსენებთ, რომ „ერა თეატრმა“ ბოლოს ნიკოლაი გოგოლის ნაწარმოების - „გიჟის დღიურის“ მიხედვით მომზადებული სპექტაკლი წარმოადგინა. აღნიშნული დადგმა 20 სექტემბერს თბილისში, „კამერულ თეატრში“ გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ „ერა თეატრი“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ის პირველი და ერთადერთი დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრია საქართველოში, რომელიც აზერბაიჯანელების მიერაა დაფუძნებული. თეატრი ამ ახალი სპექტაკლით ფესტივალებში მონაწილეობასა და სხვა რეგიონებში საგასტროლო ტურნეების გამართვასაც გეგმავს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები