„თეატრი ერას“ ახალი სპექტაკლის პრემიერა რუსთავში გაიმართა
29 მარტს, ქალაქ რუსთავში, „ბრავო თეატრის“ სცენაზე „თეატრი ერას“ ახალი დადგმის – „შეშლილი ფსიქოლოგის უცნაური სეანსების“ პრემიერა გაიმართა.

ქართულ ენაზე წარმოდგენილი სპექტაკლი ანშლაგით ჩატარდა და მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ეს „თეატრი ერას“ პირველი სცენური ნამუშევარი იყო, რომელიც რუსთავში წარმოადგინეს.

სპექტაკლი საბინა გაიბალიევა ამავე სახელწოდების პიესის საფუძველზე დაიდგა. დამდგმელი რეჟისორია ანარ რაფიგოღლუ, რეჟისორის ასისტენტი –

ვუსალ ვალიევი. როლებში მონაწილეობდნენ: საბინა გაიბალიევა, ნურლან ფახრატოვი, დინარ ახმედოვი, აიგიუნ მიქიევა და ლამან ნაბიევა.

ინფორმაციის მიხედვით, სპექტაკლის მონაწილეობა უახლოეს თვეებში სხვადასხვა ფესტივალში და რეგიონებში გასტროლები იგეგმება. ასევე, დაგეგმილია წარმოდგენის აზერბაიჯანულ ენაზე ჩვენებაც.

შეგახსენებთ, რომ „თეატრი ერასმა“ ბოლოს უკრაინული წარმოშობის ცნობილი რუსი მწერლის, ნიკოლაი გოგოლის „გიჟის დღიური“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა. აღნიშნული წარმოდგენა 20 სექტემბერს თბილისში, კამერულ თეატრში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ „თეატრი ერას“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში აზერბაიჯანელების მიერ დაფუძნებული პირველი და ერთადერთი დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრია. თეატრი ამ სპექტაკლით ფესტივალებში მონაწილეობასა და სხვა რეგიონებში გასტროლებს გეგმავს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები