საქართველოს ერვონული მუზეუმის განცხადებით, საქართველო პურის ხორბლის
წარმოშობის დამოუკიდებელი
და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. პურის
ხორბლის წარმოშობის უძველესი კერა მარნეულში, იმირისა და გადაჭრილ
გორებზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებიდან დასტურდება.
აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (NAS) ოფიციალურ გამოცემაში
PNAS (Proceedings of the National Academy of Sciences)
გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ნეოლითური ხანის (დაახლოებით 8,000
წლის წინ) არქეოლოგიური აღმოჩენები შულავერ-შომუთეპეს კულტურის
ძეგლებზე,
საქართველოში, ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასია რბილი
ხორბლის (Triticum aestivum L) მოშინაურების ერთ-ერთი პირველადი
კერაა. ნაპოვნი მარცვლები და ველური წინაპარი წარმოადგენს პირდაპირ
მტკიცებულებას, რომელიც ემთხვევა ვაზის კულტურის ადრეულ კვალს ამავე
რეგიონში.
„სტატია ეყრდნობა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის
ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას,
რომელიც ეფუძნება საქართველოში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე
აღმოჩენილ 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალასა და
პალეოეთნობოტანიკოსის პროფესორ ნანა რუსიშვილის მრავალწლიან
სამეცნიერო კვლევებს.
ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული
დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ
ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში
უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას
წარმოადგენს“. - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული
მუზეუმის განცხადებაში
აღსანიშნავია, რომ მარნეულში არქეოლოგიურ ძეგლ „გადაჭრილ გორაზე“
ასევე აღმოჩენილია ვაზის მოშინაურებისა და პირველი ღვინის დამზადების
დამადასტურებელი არქეოლოგიური ნიმუშები. ამ ეტაპზე გადაჭრილ და იმირის
გორებზე კვლავ მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები.
რადიო „მარნეული“