მარნეულში "ალილოს" დღესასწაული აღინიშნა
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ”ალილო” ფეხით მსვლელობით აღნიშნეს.

”ალილოს” მონაწილეებმა მსვლელობა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის ლოცვა–კურთხევით დღეს, 12:00 საათიდან, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს და კულტურის სახლის წინ დაასრულეს.

როგორც მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, თვითმმართველობის წარმომადგენლები მსვლელობას კულტურის სახლის წინ შეუერთდნენ.

მსვლელობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მარნეულში მცხოვრები მოქალაქეები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

ძღვენი, რომელსაც მონაწილეები გზადაგზა აგროვებდნენ, ქველმოქმედებას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ საშობაო ალილოს შემდეგ კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში ღონისძიება ,,შობის ვარსკვლავი" გაიმართა, რომლის შემდგომაც მეუფე გიორგიმ, ქრისტესშობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილი საზოგადოება დალოცა.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს.

დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია კი 2000 წელს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით აღდგა.


რადიო "მარნეული"
Print