მარნეული
"თბილისიდან 50 კილომეტრში" - უცხოურ მედიაში "გადაჭრილ გორაზე" საუბრისას მარნეულს არ ახსენებენ

“გადაჭრილი გორა “ - ასე ჰქვია ადგილს მარნეულში, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის არქეოლოგების საკვლევი საგანი გახდა.

ისტორიული ცნობების თანახმად, ეს ის ადგილია, სადაც ადამიანმა, მსოფლიოში პირველად, ველური ვაზი მოაშენა და მიღებული ყურძნისგან ღვინო დაწურა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ მარნეულის ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. გადაჭრილ გორაზე, საცხოვრებელი ნაგებობები, შრომის სხვადასხვა იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები აღმოაჩინეს.

ღვინის ჭურჭელი ყურძნის მარცვლების რელიეფური გამოსახულებით. ხრამის დიდი გორა, ძვ.წ. VI ს. ფოტო: მირიან კილაძე

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ღვინის უძველესი ნაშთები ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „Archaeology” 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დასახელდა.





ისტორიული ძეგლის აღმოჩენამ არაერთი საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, ის, რომ ეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა, ტექსტში ნახსენები არ იყო და გადაჭრილი გორა პოტენციური ტურისტისთვის თბილისიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.



შეიძლება ითქვას, რომ „გადაჭრილმა გორამ“ მსოფლიო აღიარება 2000 წლიდან მიიღო, 2014-ში კი მისი ისტორიული მნიშვნელობა ოფიციალურად აღიარეს. „გადაჭრილ გორას“ დამთვალიერებელი ძალიან ცოტა ჰყავს, მაგალითად, 2017 წელს სულ 40-მდე ტურისტი ესტუმრა. ვერც ადგილობრივები გამოირჩევიან ამ მხრივ აქტიურობით. მარნეულში თითქმის არცერთი სკოლის ექსკურსიის მარშრუტად არ განიხილება „გადაჭრილი გორას“ მონახულება.



მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ტურისტული პოტენციალის უზარმაზარ შესაძლებლობაზე საუბრობენ, ამ დრომდე იმირის გადაჭრილ გორაზე კონსერვაციის გარდა ვერაფერს ნახავთ. ყოველწლიურად, მაისის თვეში, ტორონტოს უნივერსიტეტის სასწავლო პროექტის ფარგლებში არქეოლოგიური გათხრები ტარდება. მუშაობის დასრულების შემდეგ კი ტერიტორია პრიმიტიული წესით კონსერვირდება და ერთი წლის განმავლობაში ახალი გათხრების მოლოდინშია.




მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ იმირის გადაჭრილი გორის სისრულეში მოყვანა და ზოგადად ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და მისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი ელგუჯა კუპატაძე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გვესაუბრა.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა, სადაც მსოფლიოში პირველი ღვინო დაიწურა. ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ იქ, ახლო მომავალში, მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კონსერვაცია მოხდეს ისე, რომ წლის ნებისმიერ დროს ტურისტს შეეძლოს მისი დათვალიერება და დანახვა. ნახონ თუ როგორ და რა პირობებში ცხოვრობდა 8 000 წლის წინ ადამიანები და როგორ მოიფიქრეს , რომ ყურძნისაგან შეიძლება ისეთი სითხის მიღება, რომელსაც ჰქვია ღვინო.“ 

გადაჭრილ გორის არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიამ ივნისის თვეში 101 695 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიაც, გამოავლინეს, რომელმაც ტენდერით ნაკისრი ვალდებულებები 2019 წლის 20 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.




იმირის გადაჭრილი გორა, ოფრეთის ციხე, ქალაფა – იგივე წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, გორულის კომპლექსი, - ეს იმ ისტორიული ძეგლების ნაწილია, რასაც მარნეულში ტურისტების მოზიდვა შეუძლია. მათი პოპულარიზაციისთვის, მარნეულის მერიამ თითქმის ერთი წელია, რაც საინფორმაციო ჯიხური ააშენა, თუმცა არ ფუნქციონირებს. 



მერიაში გვეუბნებიან, რომ ეს გეგმა მალე განხორციელდება, თუმცა როდის „მალე“ , უცნობია.

მარნეულის მერიაში „მალე“, ანუ განუსაზღვრელ მომავალში, ტურისტებისთვის სასარგებლო ინფორმაციის ვებ გვერდზე განთავსებასაც აპირებენ. მათ შორის, იმირის გადაჭრილი გორის შესახებ.

ამავე ადგილას ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს USAID პროექტ Zrda-ს ფარგლებში, რასთან დაკავშირებითაც უკვე გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობაში, თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებს განახორციელებენ, ჯერჯერობით უცნობია.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია