EMC-მ მარნეულის კულტურის ცენტრის მუშაობა შეისწავლა და რეკომენდაციებს აძლევს
„მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ გამართული აქტივობები ძალიან ხშირად მიწვდილი არის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე, გამონაკლისები არსებობს, თუმცა ლექციები და სპექტაკლები და ა.შ ქართულ ენაზე იმართება“ – ეს განცხადება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მკვლევარმა მარიამ შალვაშვილმა რადიო „მარნეულთან“ მას შემდეგ გააკეთა, რაც ორგანიზაციამ მარნეულის კულტურის ცენტრის პოლიტიკა შეისწავლა. კულტურული ცენტრის საქმიანობის შესწავლა და მისი პოლიტიკის ანალიზი განსაკუთრებით იმ მიმართულებით გაკეთდა თუ რამდენად უწყობს ხელს კულტურის ცენტრი ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის დაცვასა და კულტურათა შორის დიალოგის წახალისებას. როგორც ჩვენთან საუბარში მარიამ შალვაშვილი ამბობს, რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოვლინდა და რეკომენდაციები გასცეს. ერთ-ერთი რეკომენდაციაა არსებული უთანასწორობის აღიარებაა.  

„ზოგადად, პირველ რიგში რაც მთავარი იყო, კულტურის ცენტრის მიდგომა არის ის, რომ არ გამოყოს ერთმანეთისგან სხადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ეს მათ დადებითი კონტექსტით ესმით, რადგან ამით იმას გვეუბნებიან, რომ ჩვენ დისკრიმინაციას არ ვეწევით ეთნიკური ან რაიმე სახის ურთიერთობით. მაგრამ რეალურად, რა რეკომენდაციასაც ვუწევთ ცენტრს არის ის, რომ აღიარონ ის უთანასწორობები, რაც არსებობს თვითონ მარნეულის რეგიონში. თვითონ უმცირესობებისთვის ბევრი სერვისი განათლება და მათ შორის საშუალო განათლება ბევრად უფრო ძნელად ხელმისაწვდომია,  შესაბამისად, ბევრად უფრო რთულია მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში იმიტო, რომ ცენტრის მიერ გამართული აქტივობები რაც ჩვენ ვნახეთ, და სათითაოდ განვიხილეთ არის ძალიან ხშირად მიწვდილი ქართულ ენაზე“
- თქვა მარიამ შალვაშვილმა

EMC- მიერ გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ისაა, რომ ცენტრის სერვისები ხელმისაწვდომი არ არის სოფლის მცხოვრებლებისთვის და სოფლებში კულტურული ღონისძიებები იშვიათად ტარდება. მაგალითად, ცენტრის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ცენტრთან არსებული ხატვის, ცეკვის და სიმღერის წრეები ყველა მსურველისთვის არსებობს, მაგრამ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს მსგავსი წრეები არ გააჩნიათ (როგორც ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, ზოგიერთ სოფელში ხანდახან ზაფხულში ასეთი წრეები ფუნქციონირებს ხოლმე, თუმცა მხოლოდ შეზღუდულად). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს წრეები ხელმისაწვდომი მხოლოდ მარნეულის ან მისი ძალიან ახლომდებარე სოფლების მცხოვრებთათვისაა.

ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტი სოფლების დიდ ნაწილში საერთოდ არ მოძრაობს, რომ მოსწავლეებმა სოფლებიდან მარნეულში იარონ. ზოგ სოფელში კერძო ტრანსპორტიც არ დადის, სოფლების ნაწილში კი კერძო ტრანსპორტი იშვიათად, მხოლოდ დღეში ერთხელ ასრულებს რეისს და ძვირი ღირს.

ალგეთში 2017 წელს 0 ღონისძიება ჩატარდა, ხოლო 2018 წელს - 3. სოფელ თამარისში 2017 წელს 6 ღონისძიება ჩატარდა, 2018 წელს - 7. კაჩაგანის კულტურის სახლში 2017 წელს 0 ღონისძიება ჩატარდა, ხოლო 2018 წელს მხოლოდ 1. სადახლოს კულტურის სახლში 2017 და 2018 წლებში 11-11 ღონისძიება ჩატარდა. წერაქვის კულტურის სახლში ორივე წელს 2-2 ღონისძიება ჩატარდა, ხოლო აღმამედლოში ორივე წელს - 0.

მარიამ შალვაშვილის თქმით, ის, რომ კულტურის სახლის ბალანსზე სოფლებში არსებული ცენტრები არ ირიცხება, არც ცდილობენ საკითხის შესაბამის ორგანოებთან დაყენებას.

„ამბობენ, რომ კი გვინდა ამის დაყენება, მაგრამ კონკრეტული გეგმა არ აქვთ და გრძელვადიან მუშაობაზე არ არიან მიმართულები „ - თქვა შალვაშვილმა და აღნიშნა, რომ კულტურის ცენტრს არ აქვს ინტერკულტურული დღესასწაულები, რომ  ეთნიკური  უმცირესობის წარმომადგენლების ინტეგრაცია მოხდეს  საქართველოში

„ ეს ინტეგრაცია ისე ესმით, საუბარში ძალიან აშკარა იყო, რომ თითქოს აზერბაიჯანელებს უნდა ვასწავლოთ ჩვენ ქართული კულტურა, მაგრამ ზუსტად ეს რეკომენდაცია მივეცით ჩვენ, რომ ისეთი პლატფორმები უნდა შეიქმნას და ღონისძიებები, რომელიც კულტურულ დიალოგს გულისხმობს და ასევე, ამ ღონისძიებების საშუალებით უნდა გავიგოთ აზერბაიჯანულ და სომხურ კულტურაზეც, როგორც ქართულ კულტურაზე იგებენ. ეს ღონისძიებები საჭიროა იმისთვის, რომ დიალოგი მოხდეს", -თქვა მარიამ შალვაშვილმა.

EMC-მ  შეფასების დოკუმენტი მოამზადა კულტურის ცენტრის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებზე (მათ შორის, სტრატეგიასა და ცენტრის ბოლო 3 წლის საქმიანობის ანგარიშებზე), საქართველოს აზერბაიჯანელი თემის აქტივისტებთან, ასევე მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორთან და მის მოადგილესთან ჩაწერილ ინტერვიუებზე დაყრდნობით.

სრული მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ: მარნეულის კულტურის ცენტრის პოლიტიკის შეფასება


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია