მარნეულელი ახალგაზრდა მწერლის ქამრან კირიაკოვის წიგნის „ვაშლის ერთი ნაკბეჩი“ პრეზენტაცია თბილისში გაიმართა
9 დეკემბერს, თბილისში მარენულელი ახალგაზრდა მწერალის ქამრან კირიაკოვის წიგნის „ვაშლის ერთი ნაკბეჩი“ პრეზენტაცია გაიმართა.

„ვაშლის ერთი ნაკბეჩი“ აზერბაიჯანულიდან ქართულ ენაზე ოკტაი ქაზუმოვმა თარგმნა. მისი თქმით, პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა. ქაზუმოვი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მწერლის ეს ნაბიჯი, მომავალი თაობის ახალგაზრდებში, ლიტერატურის მიმართ ინტერესს გააჩენს და ამით კულტურის სფეროც გაცოცხლდება.

„პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ ჩატარდა, ვისაც ნამდვილად აინტერესებდა ისინი ესწრებოდნენ ღონისძიებას. ვთვლი, რომ ქამრანი და მისი მეგობრები, რომლებიც ნამუშევრებს ქმნიან, სამომავლოდ კულტურულ სფეროს გააცოცხლებენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოებაც უნდა მივიყვანოთ ქართულ საზოგადოებამდე და ქამრანის წიგნის თარგმნას პრეზენტაციაც ამ მიზანს ემსახურება“- ამბობს ოკტაი ქაზუმოვი

წიგნის პრეზენტაციას ასევე დადებითად აფასებს სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი როვშან ისკანდაროვი. მისი თქმით, პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა.

„კირიაკოვის მიერ წიგნის დაწერა ნამდვილად მისასალმებელია. დღეს ქამრანის მხარდასაჭერად ვართ აქ მოსული“ - თქვა როვშან ისკანდაროვმა

„ვაშლის ერთი ნაკბეჩის“ ავტორმა კამრან კირიაკოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზენტაციამ ზუსტად ისე საინტერესოდ ჩაიარა, როგორი მოლოდინიც მას ჰქონდა. კირიაკოვი ამბობს, რომ წიგნის პერსონაჟები ქართველები არიან და მოვლენები თბილისში მიმდინარეობს. წიგნიც ზუსტად ამ მიზეზით თარგმნეს ქართულ ენაზე. მწერლის თქმით, ვინაიდან საქართველოში ვცხოვრობთ წიგნი ორივე ენაზე უნდა დაბეჭდილიყო.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მწერალმა ახალი წიგნის დაწერა დაიწყო და აპირებს, რომ ისიც ორ ენაზე წარუდგინოს მკითხველს.

პრეზენტაციას მწერლის მეგობრები, ოჯახის წევრები, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგლე მამუკა ნავერიანი და მარნეულის საკრებულოს წევრი როვშან ისკანდაროვი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.




რადიო „მარნეული“

Print