One Caucasus-ის სოლიდარობის გზავნილი მარნეულელებსა და ბოლნისელებს
ფესტივალი One Caucasus-ის მოხალისეებმა და ორგანიზატორებმა ვიდეო მიმართვით მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს.

„ამ მძიმე დროს, ჩვენი სახლებიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გიგზავნით სოლიდარობის გზავნილს ყველა ადამიანს მარნეულსა და ბოლნისში. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, ჩვენ გვიყვარს თქვენი რეგიონი, ჩვენ გვიყვარხართ თქვენი მრავალფეროვანი კულტურის გამო, თქვენი სტუმართმოყვარეობის გამო, თქვენი გონებაგახსნილობის გამო, თქვენი სიკეთის გამო, თქვენი დახმარების გამო, თქვენი დიდი პოტენციალის გამო, ყველა იმ ისტორიის გამო, რომელიც ჩვენთა ერთად გაიზიარეთ“ - ასე იწყება One Caucasus-ელების მიმართვა

ფესტივალი One Caucasus-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ირაკლი მიქიანმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ ფესტივალის გუნდმა მარნეულელებისა და ბოლნისელებისათვის სოლიდარობის გამოსახატად აქტივობის ჩატარება კორონავირუსის გამო რეგიონების ჩაკეტვის შემდგომ მიიღეს.

„ჩვენს „მოძრაობას“ ყოველწლიურად 50 ახალი ადამიანი მაინც უერთდება და ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ გადაეღო ვიდეო. ვიდეო საერთო ჯამში 55-მა ადამიანმა ჩაწერა ჩვიდმეტი ქვეყნიდან“ - გვითხრა ირაკლი მიქიანმა

ვიდეოს ძირითადი გზავნილი ინგლისურადაა ჩაწერილი, ხოლო ბოლო მიმართვა „ჩვენ ვართ თქვენ გვერდით, ჩვენ ვართ ერთნი“ 19 სხვადასხვა ენაზეა ჩაწერილი.



ფესტივალ One Caucasus-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი თუ როგორ გაიმართება და გაიმართება თუ არა „ერთიანი კავკასია“ წელს.

„გვაქვს სხვადასხვა იდეები, მაგრამ ასე მკაფიოდ ვერ ვაცხადებთ და არც ვიცით რა ბედი ელის ფესტივალის წლევანდელ გამოშვებას იქედან გამომდინარე, რომ ზუსტად არ ვიცით როგორ შეიცვლება მდგომარეობა მაისში. ვფიქრობთ, რომ თუ ისე წარიმართა მოვლენები, როგორც ბევრი ვარაუდობს, რომ ვირუსი იმ დონეზე შენელდება, რომ მოიხსნას ყველა შეზღუდვა, რმელიც ვირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული, მაშინ ვერ ვხედავთ დიდ წინააღმდეგობას, რომელიც ამ ფესტივალის ჩატარებას ხელს შეუშლის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამომავლო მოვლენებზეა დამოკიდებული“ - ამბობს ირაკლი მიქიანი

მიქიანის განმარტებით, ივნისში უკვე ცნობილი იქნება, თუ რა ფორმატში გაიმართება ღონისძიება. One Caucasus-ის გუნდი ახლა ფიქრობს თუ რა შეიძლება გააკეთოს მარნეულის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. წელს ფესტივალი, როგორ ფორმატშიც არ უნდა გაიმართოს ის, მარნეულის ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული.


გარეკანის ფოტო: One Caucasus-ის ფეისბუქ გვერდიდან
Print