ბეითარაფჩის მოსახლეობა უმუშევრობას უჩივის

სოფელ ბეითარაბჩი მარნეულის სხვა სოფლებისგან პრობლემებით არ განსხვავდება.

სასმელი წყლის, სარწყავი წყლისა და შიდა გზების პრობლემა დიდი ხანია აქვთ. ამბობენ, რომ ამ ყველაფერს არასაკმარისი სამუშაო ადგილებიც ემატება. ადგილობრივების თქმით, წინასსარჩევნოდ კანდიდატები დაპირებებს იძლევიან, თუმცა შემდეგ მათი პრობლემებით არავინ ინტერესდება.

„ჩვენი სოფლის ერთ-ერთი პრობლემა გზებია, მეორე კი ხეები. ხეები გზას ხეგავენ და მოსაჭრელია. მიწაზე მოსავალი - სიმინდი, თივა გვაქვს. კომბაინი უნდა შემოვიდეს, მაგრამ ვერ მოდის. ხეები ფარავს გზას და ჩვენი ნებითაც ვერ ვჭრით, არ შეიძლება. ზაურ დარგალის გავაცანით პრობლემები. დაგვპირდა, რომ მოაგვარებს, თუმცა ჯერ არ მოგვარებულა. ქუჩებში გარე განათება უნდა გააკეთონ, მაგრამ არ აკეთებენ“ - ამბობს ლოღმან მუსაევი

სოფლის ასაკოვანი მაცხოვრებელი ამბობს, რომ ოჯახის სარჩენად მოსავალი მოჰყავს მაგრამ სარწყავი წყალი არაა.

„ჩვენ არხი გვაქვს. სომხურ არხს ვუწოდებთ. მიწას ვერ ვრწყავთ. ჩვენგან წყლის გადასახადს გვთხოვენ. მაგრამ ერთი ექსკავატორი არ მოჰყავთ რომ არხი გაიწმინდოს და ვისარგებლოთ წყლით. ძალიან ვწვალობთ. ხალხს ჰპირდებიან ასე გავაკეთებთ, ისე გავაკეთებთ, მაგრამ მიდიან და აღარ ბრუნდებიან.“

ელდარ გურბანოვმა უმაღლესი განათლება თურქეთში მიიღო. ის ამბობს, რომ ოჯახის სარჩენად მუშაობა უნდა მაგრამ სამუშაო ადგილები არაა. ელდარს სურს, რომ სახელმწიფომ ახალგაზრდები დაასაქმოს და სამუშაოდ საზღვარგარეთ არ წავიდნენ.

„სოფელში არჩევნებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. ალბათ სანამ არჩევები მორჩება ასე გაგრძელდება. ერთი ნაწილი მიდის პოლონეთში 3 თვით, 2 თვით მუშაობენ და ბრუნდებიან. ახლა ნასწავლი ადამიანებისთვის არაა სამუშაო და სხვებმა რა უნდა ქნან. თურქეთში დავამთავრე უმაღლესი და უმუშევარი ვარ. სახელმიწფოსგან ვითხოვ სამუშაო ადგილები შექმნან. ამის გარდა სოფლის სკოლაში შენობა რემონტის გარეშეა დარჩენილი. გზები ვითომ მოასფალტეს, მაგრამ შიდა სოფელში არაა ასფალტი. სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს. ზამთარში კი სარწყავი წყლის პრობლემა იქმნება. წყალი არ მოდის. სოფელში ვცხოვრობთ საქონელი გვყავს, საქონლის წყალზე წასაყვანად 4-5 კილომეტრს გავდივართ“- ამბობს ელდარ გურნანოვი

ბეითარაბჩის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ალიმ თანრივერდიევი ამბობს, რომ სკოლა სადაც ის მუშაობს, სარემონტოა. მისი თქმით, მასწავლებლები, რომელბიც სკოლაში მშაობენ, უმეტესობამ თავისი სახელის წერა არ იცის. ნასწავლი ახალგაზრდა კადრებისთვის კი სკოლაში ადგილის არაა და ვერ მუშაობენ.

„სოფელში ძირითადად წყლის პრობლემა გვაქვს. წყაროები ცუდ მდგომარეობაშია და ვითომ არემონტებენ. ახლა ვნახოთ როგორი იქნება. სოფელში ჩაიხანა, კლუბი არაა. ადრე სოფელს კლუბი ჰქონდა, ბიბლიოთეკა გვქონდა, მაგრამ ახლა ცუდ მდგომარეობაშია. კიდევ ერთი პრობლემა სკოლის მდგომარეობაა. არიან ისეთი მასწავლებლები, რომლებიც თავიანთი სახელის დაწერა არ იციან მაგრამ გაკვეთილს ატარებენ. რომ მოვიდნენ და მონიტორინგი ჩაატარონ ალბათ მათ გაანთავისფლებენ. ახალგაზრდა კადრები გვყავს, მაგრამ სამუშაო ადგილი არაა“

ბეითარაბჩის პრობლემის შესახებ ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ. მერიაში ამბობენ, რომ 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათება მოეწყობა. პროექტის თანხა 4 484 ლარი შეადგინა. აევემ სოფელში ამჟამად 249 273 ლარის ღირებულების სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გარდა 2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელი ბეითარაბჩის შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოები განხორციელდა რისთვისაც ბიუჯეტიტან 10 838 ლარია გამოყოფილი.

 

Print