ხალიჩებით მოყოლილი ისტორია - ქართული კულტურის სიმდიდრის ნაწილი
საქართველოში ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი საუკუნეებზე მეტია ცხოვრობს. ამას მრავალი ისტორიული წყარო ადასტურებს, მაგრამ გარდა წიგნებით გადმოცემული ამბებისა, ეთნიკური უმცირესობების საქართველოში მრავალსაუკუნოვან ცხოვრებაზე ისტორიული ძეგლებიც მეტყველებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში ამ დრომდე შემორჩენილია ზოომორფიული ტიპის საფლავის ქვები. ცხენისა და ვერძის ფორმის საფლავის ქვები ქვემო ქართლის ყველა რეგიონში გვხვდება.

„როგორც მომთაბარეულ ცხოვრებაში და ჩვენი, საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის ისტორიაში იყო ცნობილი, ცხენი და ვერძი დიდი მნიშვნელობის და ფილოსოფიის მატარებელი სიმბოლიკა იყო, რომელიც ფიქსირდება არა მხოლოდ საფლავის ქვებში, არამედ სხვა ტიპის ტრადიციებში, კულტურაში“. - გვიყვება სოლიდარობის მუზეუმის ხელმძღვანელი ელნურ ალისოი

ცხენისა და ვერძის გამოსახულებები მრავლადაა „ბორჩალოურ ხალიჩებშიც“ რომლის ქსოვის ტრადიციასაც საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემს.

„ფაქტიურად ყველა სოფელში, ყველა რაიონში და ყველა დასახლებაში ქალბატონები სეზონურად ქსოვდნენ ხალიჩებს და ეს ხალიჩები წარმოადგენდა მათთვის ფურცელსა და კალამს. თავიანთ გამოცდილებებს, ფილოსოფიას, ლოცვა-კურთხევას, ასევე იმ მოვლენების შესახებ ინფორმაციას თუ რა სოციალურ-პოლიტიკური წყობა არსებობდა, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იყო გამოხატავდნენ ამ პიქტოგრამების, სხვადასხვა ორნამენტების მეშვეობით ხალიჩებზე და ასე გადასცემდნენ ამ ინფორმაციას მომავალ თაობებს“.

სოლიდარობის მუზეუმის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის მიერ შექმნილი ხალიჩის ქსოვის კულტურა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა, რადგან ადგილობრივი ქალები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სწორედ ხალიჩებზე ასახავდნენ. ალისოის თქმით, სახელმწიფომ აქტიურად უნდა დაიწყოს ფიქრი „ბორჩალოური ხალიჩების“ პოპულარიზაციისათვის, რადგან ეს საქართველოს მულტიეთნიკურობას ყველაზე კარგად ასახავს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები