მარნეულში ლიტერატურული ფესტივალი იმართება
დღეს, 28 ივნისს, მარნეულში „ლიტერატურული ფესტივალი 2021“ პირველად იმართება. ფესტივალის ფარგლებში მოქალაქეებს შეეძლებათ გაესაუბრონ სხვადასხვა ავტორებს, იყიდონ წიგნები ფასდაკლებითა და გაეცნონ თუ რას გეგმავს „ამერიკული კუთხე“ მარნეულში.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ლანა ხეხელაშვილმა განაცხადა, რომ თუ ფესტივალმა დღეს წარმატებით ჩაიარა ის ტრადიციის სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

„მოწვეული გვყავს ქართველი მწერლები. ეს გახლავთ ბასილ ჯანიკაშვილი, ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლელა ცუცქირიძე უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ახერხებს ჩამოსვლას, მაგრამ ჩავანაცვლეთ საბავშვო მწერალი და დღეს გვეყოლება გიორგი ჭაუჭიძე, რომელიც შეხვდება პატარა მკითხველებს და გააცნობს თავის შემოქმედებას. ასევე, ადგილობრივი პოეტი, კოკი ხარშილაძე, იქნება და მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ მოსულ სტუმრებს და ასევე კიდევ ერთი ადგილობრივი მწერალი, ქამრან კირიაკოვი უმასპინძლებს მოსულ სტუმრებს“ - განაცხადა ლანა ხეხელაშვილმა

ფესტივალის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ლიტერატორების ცნობადობის ამაღლება/წახალისება და რეგიონში საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ფესტივალის იდეის ავტორია დავით ჭიკაძე, ორგანიზატორები არიან მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა, მარნეულის კულტურის ცენტრი და ადამიანის განვითარებისა და კულტურის საერთაშორისო სკოლა. პროექტის მხარდამჭერია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები