აჭარული ცეკვა ეთნიკური კონფლიქტების მოსაგვარებლად
მარნეულში საღამოს საათებში აჭარული ცეკვის მუსიკა ისმის. სიმღერის ხმა ძირითადად რესტორნებიდან და სადღესასწაულო დარბაზებიდან მოდის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქორწილი ეთნიკურად ქართველებისაა. აზერბაიჯანულ და სომხურ ქორწილებში ქართული ცეკვა, განსაკუთრებით კი აჭარული, დიდი სიყვარულით გამოირჩევა. ინტერნეტიდან ნასწავლი ილეთების განმეორება, აზერბაიჯანული ან სომხური ცეკვის ილეთების დამატება. ეს არის თავისებური ინტერპრეტაციის შექმნა, ან სრულიად შერევა კულტურების. ეს პოზიტიური ასპექტია და საზოგადოებაში უარყოფით განწყობას არ ქმნის.

ქართული ცეკვა ირთვება მაშინ, როდესაც ქორწილში ეთნიკურად ქართველი სტუმარია. მის საპატივცემულოდ დაკვრული მელოდიაზე ქორწილის მასპინძლებიც კი გამოდიან საცეკვაოდ. რაც ასევე პატივისცემის გამომხატველია.

რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტი მარგარიტა მისკარიანი მარნეულში სომხურ თემს წარმოადგენს. მის ქორწილში კოლეგების საპატივცემულოდ ტრადიციებისამებრ აჭარული ცეკვა გაჟღერდა.

საცეკვაოდ მოყვარულების გარდა პროფესიონალურად მოცეკვავე სტუმრებიც გამოვიდნენ.

აზერბაიჯანულ და სომხურ ქორწილებსა თუ დღესასწაულებში ქართული კულტურია ცეკვითაა წარმოდგენილი. აჭარული ცეკვის ილეთები ყველასათვის კარგად ნაცნობია და ნებისმიერ ქორწილში ერთხელ მაინც ჟღერდება. მუსიკა სახალისოა, ამყოლი და ყველას მოძრაობას ანდომებს, ხოლო ყველაზე თამამები სცენის ცენტრისაკენ მიიწევენ, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ და იცეკვონ.

ხშირად კულტურათა გადაჯაჭვა მხოლოდ ასე, საქორწილო თუ სადღესასწაულო სუფრაზე ქართული ცეკვების ცეკვით გამოიხატება.

ანსამბლი „ენგური“ მარნეულში 2008 წელს შეიქმნა. ახალგაზრდა ქორეოგრაფმა ადგილობრივებისათვის ქართული ცეკვების შესწავლა გადაწყვიტა. ანსამბლის ძირითადი ნაწილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

აქტივისტები თვლიან, რომ ინტეგრაცია ორმხრივი უნდა იყოს და მოქალაქეებს გარდა ქართული ცეკვებისა და კულტურისა, ასევე სხვა კულტურების შესწავლაც უნდა შეეძლოთ.

სახელმწიფომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კულტურას და კულტურულ მრავალფაეროვნებას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. მკვეთრად უნდა განისაზღვროს ზღვარი კულტურულ ასიმილაციასა და ინტეგრაციას შორის, რისთვისაც სახელმწიფომ დომინანტ ეთნიკური ჯგუფის კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად არადომინანტური ჯგუფების კულტურაც უნდა დააყენოს წინა პლანზე.

მარნეულის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო შავიშვილი ამბობს, რომ მარნეულში არსებობს აზერბაიჯანული მუსიკისა და საკრავების შემსწავლელი სტუდიაც, სადაც საზზე დაკვრისა და აშუღური ხელოვნების შესწავლაა შესაძლებელი. მუნიციპალიტეტში იგეგმება ქვემო ქართლის აზერბაიჯანელების ხალიჩების ქსოვის შემსწავლელი ცენტრის გახსნაც. შავიშვილი აცხადებს, რომ შესაძლებლობების ფარგლებში კულტურის ცენტრი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მოსახლეობაში არსებული ურთიერთპატივისცემა გაღრმავდეს.
ნატო შავიშვილი
„თეატრი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს რადგან იდგმევა სპექტაკლები რომელიც ამ ურთიერთობებს ახსენებს ადამიანებს. თუ რა სახის ურთიერთობები გვქონდა ჩვენ მანამდე და რა გვენატრება ყველაზე მეტად ერთმანეთთან მიმართებაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ უზარმაზარი როლი უჭირავს ხელოვნებას ადამიანების დაახლოებაში და უშუალოდ ჩვენ რასაც ვაკეთებთ სწორედ ესაა. ჩვენ აქ არ გვაქვს კონფლიქტურ სიტუაციაზე საუბარი, ჩვენ საუბარი გვაქვს რომ გამოვიყენოთ კულტურა ინტეგრაციის პროცესში, ადამიანების დაახლოების და ურთიერთპატივიცემის გაჩენის პროცესში. ამის საკმაოდ კარგი პრაქტიკა გვაქვს. როგორც იცით, ჩვენს ბაზაზე არის არაერთი წრე რომელიც ფუნქციონირებს უკვე 12 წელია და ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ თუ როგორ ხდება ამ ახალგაზრდების დაახლოება, რომლებიც გუშინ საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს და არც ინტერესდებოდნენ ერთმანეთის კულტურით. ეს შინაგანი პატივისცემის გაღრმავებას და გაღვივებას უწყობს ხელს, გაცნობას. როდესაც ადამიანები ერთმანეთის კულტურას იცნობენ, თავისთავად ხდება ამ სიყვარულის გაჩენაც ერთმანეთს შორის. შესაბამისა, ესაა ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ბავშვები, ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს ბაზაზე არსებულ წრეებსა და სტუდიებში დადიან გარდა იმისა რომ დაეუფლონ ამა თუ იმ სახელოვნებო მიმართულებას, მათ ჰქონდეთ ადამიანური ურთიერთობებისა და მეგობრობის საშუალება“. - განაცხადა ნატო შავიშვილმა

მარნეულის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მსგავსად მოსახლეობაში კულტურის გაზიარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოლიდარობის მუზეუმის ხელმძღვანელი ელნურ ალისოი. ალისოის განმარტებით, კავკასიაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები წლებია რაც ერთმანეთისაგან მოწყვეტილები არიან რის გამოც ერთმანეთის კულტურის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ბაირამი, სუბსარქისი, აღდგომა... - ეს სამი სახალხო და რელიგიური დღესასწაული იმ დღესასწაულების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც მარნეულში სამი სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ აღინიშნება.

ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ კულტურას განსხვავებებთან ერთად ბევრი საერთოც აქვს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ საერთოს ნახვა, პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებლის, თამთა მიქელაძის, თქმით, ქართული კულტურა არსებითად და ისტორიულად ჰიბრიდული კულტურა იყო, რომელიც სხვადასხვა ცივილიზაციათა გადაკვეთაში იქმნებოდა. კულტურული აღქმა სრულიად შეცვალა საბჭოთა კავშირმა დღეს ქართულ საზოგადოებაში გაბატონებული წარმოდგენები იმის შესახებ თუ ჩვენ ვინ ვართ და როგორ გვესმის საკუთარი კულტურა სწორედ საბჭოთა ეთნოგრაფიის და საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა.

მიქელაძე მიიჩნევს, რომ იქ სადაც მრავალფეროვანი საზოგადოება ცხოვრობს კულტურის პოლიტიკაც უნდა იყოს მრავალფეროვანი. სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა კი სწორედ ხელოვნურად, სპეციალური ჩარევით უნდა უზრუნველყოს კულტურული თანაგადაკვეთის სივრცეების შექმნა, თემთაშორისი თანამშრომლობის გამოცდილების შექმნა და თემთაშორისი დიალოგის გამოცდილების შექმნა.

„ჩვენ გვინდა რომ ვუპასუხოთ ერთის მხრივ ინტეგრაციის პოლიტიკას და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის საკითხს, ჩვენ გვინდა რომ ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტური გამოცდილებები დავაზღვიოთ და სამშვიდობო იდეებისა და მშვიდობიანი თანბაცხოვრების კულტივირება გავაკეთოთ. სხვადასხვა კონტექსტები განაპირობებს იმას, რომ პოლიტიკა სწორედ უნდა წარიმართოს მულტუკულტურალიზმის მხარდაჭერით და ამგვარი თანამშრომლობითი სივრცეების გაჩენით, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ თვითმმართველობებში ამგვარი პოლიტიკის მნიშვნელობა არ იცის, ის არაა მხარდაჭერილი და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად კულტურული ცხოვრება ძალიან ღარიბია“ - აცხადებს თამთა მიქელაძე

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სომხებზე და მათ ურთიერთობებზე გარკვეული გავლენა იქონია ყარაბაღის ომმაც. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ცენტრის კვლევის შესახებ საუბრობს, რომელმაც აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის ომის დროს ნამდვილად ჩანდა ძლიერი მიჯაჭვულობა და ძლიერი იდენტიფიკაციები როგორც საქართველოს აზერბაიჯანელებში, ისე საქართველოს სომხურ თემში. მიქელაძის განმარტებით, ორივე თემი აცნობიერებს, რომ მეზობელ სახელმწიფოებში არსებული კონფლიქტი საქართველოში არ უნდა გადმოვიდეს, მაგრამ მეორე მხრივ ორივე ქვეყნის მიერ გატარებული მილიტარისული და შოვინისტური პოლიტიკა საზოგადოებაზეც ახდენს გავლენას.

ყარაბაღის ომთან მიმართებით მეზობელი სახელმწიფოების მიერ გატარებული საინფორმაციო კამპანიების შედეგების გაქარწყლებისა და ეთნიკური უმცირესობების დაახლოებისათვის სოლიდარობის მუზეუმის დაფუძნებელ ელნურ ალისოის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიაჩნია ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც მოქალაქეები ერთმანეთთან ურთიერთობის გამოცდილებას მიიღებენ.

კულტურა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისა და ერთა დაახლოებისათვის კარგი და აპრობირებული მეთოდია. საერთო პრობლემების დანახვა, საერთო კულტურის აღმოჩენა და საერთო ღირებულებების არსებობა - ეს ის ძირითადი თემებია, რომლის დახმარებითაც მოსახლეობაში გაუცხოება და კონფლიქტური სიტუაციები უნდა დასრულდეს. ამ პროცესში კი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, რაც აზრთა გაცვლის, ხალხთა დაახოებისა და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენისათვის მოსახლეობაში სხვადასხვა სივრცეების შექმნას გულისხმობს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები