მესამე წელი იმირის გადაჭრილი გორის გადახურვის მოლოდინში
14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა. ელისაშვილმა ყურადღება გაამახვილა მარნეულში „იმირის გადაჭრილ გორაზე“ აღმოჩენილი უძველესი ყურძნის წიპწების შესახებაც, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

„ნახევარი წლის წინ იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსული და მას ვკითხე იმირის გადაჭრილი გორის შესახებ. მაშინ ვუთხარი, რომ აქ მუზეუმის გაკეთება კარგი იქნება თქო, ღვინის აკვანი ვართ და იმ არქეოლოგიური სივრცის მიხედვა, კონსერვაცია, გადახურვა და ა.შ. კარგი იქნება. ხან ტრაქტორი ვარდება იმ გათხრებში, ხან წყალი და ა.შ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა მითხრა, როგორც „ქართულ ოცნებას“ ჩვევია ხოლმე, ვმუშაობთ ამ თემაზეო, კონცეფცია მზად გვაქვსო. მახსოვს, აი ბატონი დარგალი, მარნეულის მაჟორიტარი ძალიან გაცეცხლებული გამოვიდა და მიპასუხა, რომ ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვსო, ეს პროექტი არის მზად და აი, ცოტა ხანში გავაკეთებთო და კითხვა მინდა დავსვა, ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ და რა ხდება მაგ საქმეზე?“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. რაც შეეხება იმირის გადაჭრილ გორაზე არსებულ მდგომარეობას, ამ დროისათვის არქეოლოგიურ ძეგლზე არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩატარებულა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2019-2020 წლებში ძეგლის გადახურვასა და მისასვლელი გზის მოწყობის აპირებდა, მაგრამ როგორც მერიაშივე განმარტავენ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო პროექტი ვერ განხორციელდა.

„კორონავირუსმა, რა თქმა უნდა, უდიდესი უარყოფითი როლი ითამაშა ამ პტორქტში. თუმცა ჩვენ არ გავჩერებულვართ. კორონავირუსის გამო ფასები შეიცვალა, გაიზარდა. მოგეხსენებათ ფასები გაიზარდა ლითონზეც, ხოლო ამ კონსტრუქციის 90%-ზე მეტი, ვგულისხმობ გადასახურ კონსტრუქციას, სწორედ ლითონისაგან შედგება. შესაბამისად, პროექტმა მოითხოვა კორექტირება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაცნობეთ მთავრობას, კონკრეტულად კი კულტურის სამინისტროს. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, კულტურის სამინისტოდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, მერიიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან. ეს ჯგუფი ეხლაც მუშაობს, ჩართულია ჩვენი არქიტექტურის სამსახურის უფროსიც. ვფიქრობ, უკვე მალე დასრულდება პროექტის კორექტირებული ვარიანტი“. - განაცხადა მარნეულის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ელგუჯა კუპატაძემ

მარნეულის მერიამ ,,გადაჭრილი გორა“ –ს არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ტენდერი 2019 წლის 4 ივნისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლო ერთმა კომპანიამ, შპს „ატელიე არქიტექტს“-მა მიიღო. კომპანიას მერიამ 119 770 ლარი გადაუხადა. სწორედ ამ დოკუმენტაციაში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რათა მერიამ გადაჭრილი გორის გადახურვისათვის ტენდერი გამოაცხადოს. კუპატაძე ვარაუდობს, რომ ობიექტზე სამუშაოები 2022 წლის პირველი კვარტლიდან დაიწყება.

2022 წელს იგეგმება არქეოლოგიური სამუშაოების განახლებაც. როგორც კუპატაძე განმარტავს 2020-2021 წელს არქეოლოგთა ჯგუფის ჩამოსვლა პანდემიის გამო ვერ მოხდა.

„არქეოლოგიის ექსპედიციის ხელმძღვანელი კანადიდან იყო ჩამოსული სადღაც სექტემბრის თვეში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვინახულეთ ეს ობიექტი და დასახა სამომავლო გეგმა. 2022 წლის გაზაფხულისთვის, თუ მსოფლიო პანდემიის პირობებმა ხელი არ შეუშალა აუცილებლად დიდი ექსპედიცია ჩამოვა კანადიდან და გაგრძელდება სამუშაოები“. - განაცხადა ელგუჯა კუპატაძემ

მარნეულში იმირის „გადაჭრილი გორის“ გადახურვის სამუშაოები 2020 წელს უნდა განხორციელებულიყო, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 750 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი გასულ წელს მუნიციპალიტეტის მწირი ფინანსური სახსრების გამო ვერ განხორციელდა. როგორც 2020 წლის 30 ივლისს რადიო „მარნეულს“ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, „გადაჭრილი გორის“ გადახურვისათვის შედგენილმა პროექტმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა, რისი გამოყოფის შესაძლებლობაც ადგილობრივ თვითმმართველობას არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ იმირის „გადაჭრილ გორაზე“ თავდაპირველად გადახურვის სამუშაოები განხორციელდება, რის შემდეგაც არქეოლოგიურ ძეგლამდე გზას გაიყვანენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები