მარნეულის 2022 წლის საახალწლო ნაძვის ხეს 22 დეკემბერს აანთებენ
მარნეულის საახალწლო ნაძვის ხის ანთება ხვალ, 22 დეკემბერს, არის დაგეგმილი. რადიო „მარნეულს“ მანრეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია 18:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„პატარებისთვის მოეწყობა შოუ. ანიმატორები იზრუნებენ პატარების გართობაზე და თოვლის ბაბუა გვეყოლება რომელიც დაარიგებს ტკბილეულს“. - გვითხრა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა დავით ჭიკაძემ

ჭიკაძის განმარტებით, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა თუ როდის გაიმართება მასშტაბური საახალწლო კონცერტი მარნეულში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საახალწლო ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით ანიმატორების მომსახურებისათვის 800 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა შ.პ.ს. „ბედნიერი დღე“-სთან გააფორმა.

საახალწლო ნაძვის ხე მარნეულის მერიამ 2019 წელს 14 400 ლარად შეიძინა და მას ყოველ ახალ წელს განსხვავებულად რთავენ. მარნეულის მერიამ 2022 წლის შემობრძანებასთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩების განათებისათვის 195 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. განთდება და სხვადასხვა ილუმინაციებით მოირთვება 26 მაისის ქუჩა, შადრევანი, იუსტიციიდან ხიდამდე არსებული ტერიტორია, ხიდი, რუსთაველის ქუჩა, ბაზრის მოედანი, მერიის შენობა, რუსთაველის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურიდან ავერსის კლინიკამდე ტერიტორია და კულტურის ცენტრი.

რადიო „მარნეული“

Print