მარნეულში მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართა
12 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, მდინარე ალგეთის ჭალდების ტერიტორიაზე, მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართა. ფესტივალზე მისული სტუმრებისათვის მოწყობილი იყო ფოტო და ნახატების გამოფენები, ბაზრობა, სადაც სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთები და ყვავილები იყიდებოდა, საფესტივალო გაფორმებები და ა.შ.

მულტიეთნიკური ფესტივალის პირველი ნაწილი სომხური კუთხით გაიხსნა, სადაც ფარაჯანოვის შემოქმედება, საიათნოვას აშუღური შემოქმედება და ბროწეულის ხე იყო წარმოდგენილი.

ფესტივაის მეორე ნაწილი აზერბაიჯანულ კუთხეს მოიცავდა, სადაც აშუღმა თინა ნარგილე მეხდიევამ მუსიკალური ნომერი შეასრულა.

ქართულ კუკუთხეში კი გოდერძი ჩოხელის „გრძნობათა განცდა“ არტისტებმა მარო ჯოხაძემ და გიგო კვალიაშვილმა წარმოადგინეს. 

ფესტვალზე მუსიკალურ ნაწილთან ერთად წარმოდგენილი იყო „მულტიეთნიკური იავნანა“ და ქართული, აზერბაიჯანული და სომხური საცეკვაო ნომრები.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა კენან ომაროვმა განაცხადა, რომ მულტიეთნიკური ფესტივალი მნიშვნელოვანია მარნეულისათვის, რადგან ის კარგად წარმოაჩენს მარნეულის მრავალფეროვნებას.

„მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ჩატარებისათვის მარნეულის კულტურის სახლის ნებისმიერ თანამშრომელს, ასევე ორგანიზატორებს ამ ფესტივალის, ამ ლამაზი საღამოსთვის. რა თქმა უნდა, გაგრძელდება აღნიშნული, ასეთნაირი, კულტურული ღონისძიებები. როგორც დღეს ალგეთში დავიწყეთ, იგივე ფორმით მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში და ასევე ჩვენ ქალაქშიც გაგრძელდება“. - აცხადებს კენან ომაროვი

მარნეულის მერთან ერთად ფესტივალს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი.

„მე ძალიან მიხარია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტში რომელიც არის მრავალფეროვნების, თანაცხოვრობის, სიმბოლო დღეს ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ლამაზი მრავალფეროვნების ფესტივალი. ეს ფესტივალი უმაღლეს დონეზე შედგა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად უფრო გაძლიერდება, უფრო განვითარდება და ჩვენ მთელ საქართველოს ვანახებთ თუ როგორ შეიძლება ერთად თანაცხოვრება და ერთმანეთის კულტურის გაზიარება“. - განაცხადა ზაურ დარგალმა

მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზებისათვის მარნეულის მერიამ და კულტურის ცენტრმა ჯამში 8 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულებაც 40 120 ლარს შეადგენს.

რადიო „მარნეული“


Print