1-დან 8 ივნისის ჩათვლით, სიღნაღში, საერთაშორისო თეატრალური
ფესტივალი გაიმართება, სადაც თეატრი ერაც მიიღებს მონაწილეობას.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ანარ რაფიგოღლუ ამბობს, რომ ეს მათი
პირველი თეატრალური ფესტივალის გამოცდილებაა.
„ფესტივალის შესახებ პირველი ინფორმაცია სოციალური
ქსელების საშუალებით მივიღეთ. როდესაც უფრო ღრმად გამოვიკვლიეთ,
გავიგეთ, რომ ეს ფესტივალი საკმაოდ პრესტიჟულია და ოფიციალურად
მხარდაჭერილია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ. ეს ჩვენი
პირველი ფესტივალის გამოცდილებაა. თეატრის დაარსებიდან გარკვეული
დროის შემდეგ პანდემია დაიწყო. შემდეგ სხვადასხვა სირთულეებს
წავაწყდით და ასეთი შესაძლებლობები არ გვქონდა. ახლა უკვე
ჩამოყალიბებული გუნდი გვყავს და ჩვენი მუშაობა შედარებით უფრო
სტაბილურია. ვფიქრობ, რომ ამიერიდან მონაწილეობას მივიღებთ როგორც
ქვეყნის შიგნით, ასევე სხვადასხვა უცხო ქვეყანაში ორგანიზებულ
საერთაშორისო ფესტივალებში“, - თქვა ანარ
რაფიგოღლუმ.
საქართველოს გარდა, ფესტივალზე თურქეთის, რუმინეთის და არაბთა
გაერთიანებული საამიროების თეატრალური დასებიც გამოვლენ. ადგილობრივი
და უცხოური პროფესიონალური თეატრების ერთ სცენაზე ყოფნა „ერასთვის“
გამოცდილებაცაა და მოტივაციაც. ანარ რაფიგოღლუ ხაზს უსვამს, რომ ეს
შესაძლებლობა მათ დიდ ენთუზიაზმს ანიჭებს.
„ჩვენ ერთ სცენას ჩვენი ქვეყნის მრავალ პრესტიჟულ
თეატრთან ერთად გავიზიარებთ. შესაძლოა, მათგან ჩვენც აგვარჩიონ და
გამარჯვებული გავხდეთ. ამ მხრივ ძალიან მოტივირებულები
ვართ.“
თეატრი ერას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფესტივალი მხოლოდ სცენური
წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. ღონისძიების ფარგლებში ასევე
ჩატარდება მასტერკლასები ცნობილი რეჟისორების და თეატრის პროფესორების
მონაწილეობით. ჯგუფის წევრები ამ მასტერკლასებში მონაწილეობით
პროფესიული ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავენ.
„უნდა აღვნიშნო, რომ ფესტივალი მხოლოდ წარმოდგენებისგან
არ შედგება. ორგანიზატორებმა მასტერკლასების ჩასატარებლად ასევე
მოიწვიეს დარგის ცნობილი რეჟისორები და პროფესორები. ამ
მასტერკლასებში მონაწილეობით, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა,
პროფესიულად კიდევ უფრო განვვითარდეთ.“
ანარ რაფიგოღლუ დასძენს, რომ, სამწუხაროდ, ფესტივალში სრული
შემადგენლობით მონაწილეობა შეუძლებელი იქნება.
„სამწუხაროდ, ასეთ ფესტივალებში სრული შემადგენლობით
მონაწილეობა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მინდა აღვნიშნო, რომ
ჩვენს მიერ წარდგენილ სპექტაკლში ორი მსახიობი მონაწილეობს. მე
რეჟისორის რანგში მივიღებ მონაწილეობას და ტექნიკური ჯგუფის კიდევ ორი
წევრი ჩვენთან ერთად წამოვა. თუმცა, ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც
ჩამოვლენ სიღნახში წარმოდგენის დღეს ჩვენს მხარდასაჭერად. რა თქმა
უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვარგარეთ ფესტივალებში
მონაწილეობაა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. თუ მოწვევას
მივიღებთ, სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ნებისმიერ შესაბამის
ფესტივალში“, - თქვა რაფიგოღლუმ.
თეატრი ერა ფესტივალზე ამერიკელი დრამატურგის ედვარდ ალბის
ნაწარმოების „ზოოპარკის ამბების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით
გამოვა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ანარ რაფიგოღლუა. სცენაზე
მსახიობები იდრის ელნუროღლუ და ელნურ ველიზადე გამოვლენ. ჯგუფთან
ერთად სიღნახში ტექნიკური ჯგუფის ორი წევრიც გაემგზავრება.