თავისუფალი, აქტიური საზოგადოება - ყველაზე მეტად, ალბათ, ეს სიტყვები
აღწერს რადიო “მარნეულს.
მედიასაშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტში 18 წლის წინ, 2006 წელს
გამოჩნდა. იმ დროს, როდესაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ
მუნიციპალიტეტში არავინ საუბრობდა ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკურ
მდგომარეობაზე, განათლებაზე, თვითმმართველობასა და არსებულ
გამოწვევებზე, რადიოსთვის იდეა იქცა შესაძლებლობად და თავისუფლება
ყველაზე ძლიერ იარაღად. ბევრი სირთულის მიუხედავად , მედიასაშუალებამ
FM სიხშირეზე გასვლა და ლიცენზიის მოპოვება, 2017 წელს შეძლო.
მაშინ გაისმა მაგალითად პირველად ხმა ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე
კირაჩნმუღანლოში, დაშტაფაში, ყულარში, ხანჯიგაზლოში, ქუთლიარში და
მუნიციპალიტეტის სხვა 84 სოფელში. რადიო „მარნეულის“ ხელმძღვანელი,
კამილა მამედოვა ამბობს, რომ რადიოს მთავარი ამოცანა პროფესიონალიზმი,
ეთიკა და თავისუფლებაა. ეს სამი სიტყვა, რომელიც ქმნის ერთიანობის
ჯაჭვს და ჰყვება ამბებს მარნეულიდან.
„რადიოს პროექტი, რომელიც 2005 წელს შეიქმნა, ეს იყო იდეა არა
აქ მცხოვრები ადამიანების, რამედ, იფიქრეს დიდ ბრიტანეთში , რომ
ძალიან კარგი იქნებოდა ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში იყოს სათემო
მედია, რომელიც მისცემდა ადამიანებს შესაძლებლობას ისაუბრონ
ყველაფერზე, რაც მათ აწუხებთ. ყველანაირი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში
ხდებოდა, ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის მიღმა იყვნენ. მე ვიყავი
ჩვეულებრივი მონაწილე ამ პროექტის და გავხდი ოცამდე ახლაგზარდასშორის
ის, ვინც დაიწყო სწავლა თუ რას ნიშნავს ჟურნალისტიკა. რადიომ როგორც
კი დაიწყო აქტიურად მუშაობა, როგორც კი ლიცენზია მოვიპოვეთ, ვებგვერდი
ავამუშავეთ, იყო რამდენიმე შოკური ეფექტი ადგილობრივებისგან. ჩვენ
ვითხოვდით ყოველთვის პასუხს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნებისმიერ
გადაწყვეტილებაზე და ვმუშაობდით იმ ენაზე, რომელიც ადგილობრივებისთვის
იყო მშობლიური და ამით დავანახეთ, რომ მათ აქვთ უფლება მიიღონ
ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე."
რადიო მარნეული „ღია მიკროფონის“ პრინციპით მუშაობს და თემის
ნებისმიერ დაინტერესებულ წევრს აძლევს საშუალებას, სივრცე
მიზანმიმართულად გამოიყენოს. იქნება ეს საავტორო გადაცემების გაკეთება
სპორტზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე თუ მარნეულში
მნიშვნელოვანი საკითხების სადისკუსიო ფორმატში განხილვაზე. ეს
ყველაფერი ბრძოლით არის მოპოვებული, ვინაიდან დამოუკიდებელ და
თავისუფალ მედიას ყოველთვის ებრძვის ხელისუფლება.
მედია დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მისი
ფუნქცია არის საზოგადოების ინფორმირება, კონტროლის მექანიზმების
გაძლიერება და პლატფორმის შექმნა განსხვავებული აზრისა და
დისკუსიისთვის. როდესაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ზღუდავს მედიას,
ეს ყოველთვის მიუთითებს იმაზე, რომ სურს ძალაუფლების შენარჩუნება,
საზოგადოების კრიტიკული აზრის ჩახშობა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების
დასუსტება. სწორედ ამიტომ, მედიის შეზღუდვა “გამჭვირვალობის” რუსული
კანონის ან სხვა რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით არის საფრთხე
ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.
ასეთ ვითარებაში მედიას არამარტო ინფორმაციის გავრცელების, არამედ
თავისუფალი აზროვნების, დისკუსიისა და ძალაუფლების გამჭვირვალობის
დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. რადიო მარნეულის ისტორია სწორედ ამ
ბრძოლას ასახავს — 2005 წელს დაწყებული იდეა ვერ მიაღწია ლიცენზიის
მოპოვებას წინა ხელისუფლების პირობებში 2017 წლამდე, ხოლო ახლა,
ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, მედიასა და სიტყვის თავისუფლებას
ახალი გამოწვევები უდგას „რუსული კანონის“ გავლენით.
ამ ყველაფრის მიუხედავად, რადიო მარნეული გააგრძელებს ბრძოლას, რომ
მიაწოდოთ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია, შევქმნათ პლატფორმა
დიალოგისთვის და დავიცვათ სიტყვის თავისუფლება, რაც დემოკრატიის
მთავარი საფუძველია.
მარნეულელ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს მარიამ სამხარაძე
დამოუკიდებელი მედიის მთავარ მხარედ ობიექტურობას და მიუკერძოებლობას
მიიჩნევს.
“სულ ვამბობ ხოლმე, რომ რადიოს ჟურნალისტები არიან გმირები.
შეიძლება ჩვენ, სამოქალაქო სექტორიც ვსაუბრობთ, მაგრამ პირადად ჩემს
მაგალითზე გეტყვით, რომ რაღაც მომენტში შეიძლება შემეშინდეს და ვერ
დავწერო და ვერ ვთქვა რისი თქმაც მინდა და რადიო ყოველთვის წერს ამ
კრიტიკულ მასალებს. იგივე ტენდერებზე, თვითმმართველობის საქმიანობაზე,
საკრებულოს ამბების გაშუქება ძალიან მნიშვნელოვანია. რადიოს მეშვეობით
ვიგებთ რაზე მსჯელობს საკრებულო. კრიტიკული აზრი უნდა ისმოდეს, ეს
აუცილებელია და ადგილობრივ ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს
დისკომფორტი. მედიის იმედზე ვართ ძირითადად როგორც ცენტრალურ ისე
ადგილობრივ დონეზე” - ამბობს მარიამ სამხარაძე.
მარიამ სამხარაძის მსგავსად, იმავეს ამბობს უფლებადამცველი სამირა
ბაირამოვა და მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი მედიის გამოჩენა რეგიონში
გარდამტეხი მოვლენა იყო, რადგან მათ ადგილობრივ მოსახლეობას
ინფორმაციის მიღებისა და საკუთარი სივრცის შექმნის ალტერნატიული გზა
მისცა.
“ზოგადად რადიოს გამოჩენა რეგიონში ცალკე მნიშვნელოვანი
ამბავი იყო. ერთი ის არის, რომ ვიღაცას შეიძლება არ ჰქონდა
ტელევიზიაზე წვდომა თუნდაც ენის ბარიერის გამო, რადიო იყო ერთ-ერთი
გამოსავალი ამ ადამიანებისათვის. შეუძლიათ უყურონ სოციალური მედიის
მეშვეობით შეიძლება მოუსმინონ თვითონ რადიოს მეშვეობით. რადიოს
უნიკალურობა ის იყო, რომ ძალიან ბევრი სიუჟეტები მიეძღვნა გინდ
ეთნიკურ უმცირესობებს, მრავალფეროვნებას, კულტურას, რაც ჩვენთვის
ერთის მხრივ არის საარქივო მასალა. ჩვენ არ გვაქვს მუზეუმი,
თანასწორუფლებიანობა კულტურის შენარჩუნებისთვის, შესაბამისად ეს
მასალები მომავალი თაობისათვის იქნება უნიკალური კადრები, თუ რა გზა
გავიარეთ.”
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, რაშან ზიადალიევი მიიჩნევს, რომ
დამოუკიდებელ მედიას საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია,
რადგან ის უზრუნველყოფს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას, ხელს
უწყობს მოქალაქეების ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში. ქმნის
პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ჯგუფს საკუთარი პრობლემების გაჟღერების
საშუალება აქვს.
"დამოუკიდებელი მედიის არსებობა დემოკრატიული
საზოგადოებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. განსაკუთრებით
კი რეგიონულ დონეზე. ჩვენს მუნიციპალიტეტში სადაც ყოველდღიურად ბევრი
რამ ხდება, ვფიქრობ ერთ-ერთი სოციალურ- პოლიტიკური ადგილია
საქართველოს მასშტაბით და შესაბამისად, დამოუკიდებელი, ნეიტრალური
მედიების არსებობა განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია. ცენტრალური მედიებიდან ხშირად არ ისმის ის
წუხილები რაც გვაქვს. რადიოს გამოჩენა 2025 წლიდან მახსენდება და
ვფიქრობ დიდი გავლენა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე
და ზოგადად ადგილობრივი დემოკრატიის შექმნაზე”
რადიო მარნეულის გამოჩენამდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი მედია
არსებობდა. მას შემდეგ შეიქმნა სხვა ვებ გვერდები, ონლაინ გამოცემები,
რომლებისთვისაც რადიო იყო ბიძგი გადაელახათ შიშები და გაეაზრებინათ,
რომ მათაც აქვთ ამის უფლება. რადიო მარნეული ახლა ამბებს სამ ენაზე
ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჰყვება. ალბათ ესაა ამ
მედიასაშუალების უნიკალურობა მოსახლეობას უთხრას, თქვენი გვესმის,
გვენდეთ და გამოგვყევით.
რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს არაერთი პრიზი აქვთ მოპოვებული ისეთი
ამბების გაშუქებისთვის და წინა პლანზე წამოწევისთვის როგორიცაა,
გოგოები სპორტში, შშმ პირების უფლებები, გენდერული საკითხები და
კვლავ, რადიო არის სივრცე, სადაც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების
და იდეების რეალიზების საშუალება აქვთ. - რადიო, რომელიც ეკუთვნის
მხოლოდ ხალხს და მათი საჭიროებების გამოვლენას.