იმედი უსამართლობაში – რას გვიჩვენებს ტრაგედია ბოლნისის გზაზე?
მე-11 კლასელი სინან შარიფოვი და მე-9 კლასელი ელჩინ ბინათოვი ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან, 30 დეკემბრის ღამეს მანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპნენ.

ტრაგედიას დაპირისპირება მოჰყვა, სოფელში სპეცრაზმის და სამართალდამცავების მობილიზება მოხდა. ამ ფორმით იცავდა წესრიგს შიგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში.

ორი ბავშვის დაღუპვას ვითარების დაძაბვა იმ დღესვე მოჰყვა. ხალხმა ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანა გადააყირავა, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოჯახებს ტრაგედიაზე საუბარი დღემდე უჭირთ. ერთ-ერთი გარდაცვლილის დედა, ნაზ ბაირამოვა გვიყვება, რომ თანასოფლელების აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დახმარება მანქანის მძღოლს გაუწია. ფიქრობს, რომ “იქნებ ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდა და მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო “.

“არ აქვს მნიშვნელობა ქართველი იყო აზერბაიჯანელი, თუ სხვა ეთნოსის. თუ სინდისი ჰქონდა ჩამოვიდოდა მანქანიდან და დაეხმარებოდა. ცხოველს რომ ეჯახები მაგაზე ჩამოდიხარ, რომ იქნებ დაეხმარო და მან ადამიანს დაარტყა, იქნებ ცოცხალი იყო ჩემი შვილი და რომ დახმარებოდა რა მოხდებოდა. სასწრაფო რომ მოვიდა, ორი სილა ვისაც მოხვდა მანქანაში მყოფებიდან ის წაიყვანეს სასწრაფოს მანქანაში. სოფლის ხალხმა ხომ არ იცოდა, იქნებ იმ ბიჭების გადარჩენა ჯერ კიდე შეიძლებოდა. ხალხიც აღშფოთდა იქნებ მიწაზე დაყრილებისთვის მიეხედათ ვიდრე ისინი გადაემალათ სასწრაფოში. შეიძლება ის ადამიანი აზერბაიჯანელი, სვანი, რუსი ან სხვა ყოფილიყო, თუნდაც ჩემი ეროვნების, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, უნდა დაისაჯოს.“


გარდაცვლილი 16 წლის სინან შარიფოვის დედას კანონს უნდობლობას უცხადებს, რადგან მიაჩნია, რომ გავლენიანი პირები დაუსჯელები რჩებიან, ხოლო უბრალო მოქალაქეებს არავინ იცავს. მისი თქმით, ხელისუფლება მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როცა საქმე ძალაუფლებიან ადამიანებს ეხებათ.

„რაღაცა ამბავი უნდა მოხდეს , რომ ყურადღება მოგვაქციონ, თორემ ჩვენ ხალხს პატრონი არ ჰყავს. ვიღაცას შეიძლება პატრონი ჰყავდეს და აჩუქებდეს, მაგრამ მე არ გავჩუმდები. ჩემი შვილის საქმეს ბოლომდე მივყვები. პრეზიდენტმა გაიგოს, თვითონ სადაა, რატომ არ კითხულობს სადაა ჩემი ჯარისკაცი, რატომაა მიწაში. სად არის კანონი, ნარკოტიკებს მოიხმარენ, სასმელს სვამენ და მაღალი სიჩქარით სიარულის უფლებას აძლევენ. გამოდის ვიღაცა რომ ჰყავს ამიტომ არ სჯიან, სამართალი მას არ ეხება? მე ზურგი არ მყავს, სახელმწიფოს იმედად ვარ და არ უნდა დამეხმაროს? აბა დამიბრუნოს მაშინ სახელმწიფომ შვილი უკან. არ მჯერა სამართლის, რადგან თქვეს პრეზიდენტის ახლობელია და ზურგი აქვს. ამ ქვეყანაში აუცილებლად პრეზიდენტის ნათესავი უნდა იყოს რომ მხარდაჭერა გქონდეს. მე სამართლიანობას მაშინ დავიჯერებ როცა ეს ადამიანი სათანადოდ დაისჯება. ამ მომენტამდე არც კანონია და არც სამართალი. ადამიანებს განსხვავებული პრობლემები აქვთ. კანონი ყველას ერთი თვალით უნდა უყურებდეს“ - ამბობს ნაზ ბაირამოვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ უნდობლობისა, გარიყულობისა და მიტოვებულობის შეგრძნება აძლიერებს იმ ხედვას, რომ მათი ინტერესები საკმარისად არ არის დაცული, რაც კიდევ უფრო ართულებს თემსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კავშირის გაღრმავებას.


“ისეთ გამოცდილებებს, რომლებსაც ჩვენ ბოლნისის რაიონში ვხედავთ ან მანამდე დმანისის რაიონში ვხედავდით, როცა ერთი შეხედვით არაეთნიკური საფუძვლით მომხდარ დანაშაულს ან კონფლიქტს შესაძლოა ეთნიკური საფუძველი მიეცეს და აგრესიისა თუ ძალადობის მაგალითად და გამოცდილებად იქცეს, ეს რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო მოხელეს თუ ადამიანს უნდა აფიქრებდეს თუ რა არის ის სტრუქტურული მიზეზები, რაც ასეთი ტიპის აგრესიას უდევს საფუძვლად. ჩემთვის, ასეთი დრამატული რეაქციები ცალკეულ გამოცდილებებზე მიანიშნებს რაღაც უფრო დიდ საფუძვლად მდებარე პრობლემებზე კონკრეტულად თემის შიგნით თუ სახელმწიფო თემს შორის ურთიერთობაზე. ჩემთვის ძალიან აშკარაა, რომ საქართველოს აზერბაიჯანელებისათვის არსებობს სერიოზული პრობლემა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ნდობის კუთხით. ამის მიზეზი , სახელმწიფოს პასუხისმგებლობაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ წლებია საქართველოს აზერბაიჯანელები არ არიან წარმოდგენილი პოლიტიკაში, ისინი ვერ ახდენენ გავლენას გადაწყვეტილებებზე. მათი ენა სრულად არის განდევნილი მათ შორის ადგილობრივ დონეზე ცხოვრებიდან ამიტომ მათ აქვთ აღქმა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მათ არ წარმოადგენენ , მათი არ ესმით და ბუნებრივია, რომ ეს უკვე აჩვენებს ნდობის ძალიან სერიოზულ კრიზისს უმცირესობებსა და სახელმწიფოს შორის.” - ამბობს თამთა მიქელაძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, გაუცხოება და ისტორიული გამოცდილებები წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევებს მულტიკულტურული გარემოს ჩამოყალიბებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ინციდენტები შეიძლება განსხვავებულად აღიქმებოდეს, თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს სერიოზული სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც საზოგადოებას შორის ურთიერთობებს ართულებს.

“თავად ეთნიკურ ჯგუფებს შორის ქვემო ქართლის რეგიონში პრინციპში არ არის თანაკვეთის სივრცეები და პრაქტიკები. მათ შორის გაუცხოება არის ძალიან მაღალი და შეიძლება ითქვას, რომ ისინი სხვადასხვა პარალელურ ცხოვრებებში ცხოვრობენ , რომელიც ერთმანეთთან არ იკვეთება და ხშირად, ეს ურთიერთობები არის გაჯერებული ისტორიული ტრავმებით, სხვადასხვა წარმოდგენებით ერთმანეთის მიმართ და შესახებ, რომელიც ძალიან ართულებს ინკლუზიას და მულტიკულტურული გარემოს შექმნას ამ თემებს შორის. ამიტომ, სამი დიდი ფაქტორი, ერთისმხრივ უნდობლობა, და გაუცხოება, მეორეს მხრივ ქვემო ქართლში აშკარა ეთნიკური ფაქტორი ეთნიკური უმცირესობების იერარქიზაციის და გარიყულობის და ნაკლები წარმომადგენლობის, მესამეს მხრივ თემთაშორისი ურთიერთობების პრობლემა, მთლიანობაში, არის ის დიდი ფაქტორი რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა სიტუაციაში აგრძნობინებს, რომ მათი ინტერესები, მათი წუხილი და ხმა საერთოდ არ იქნება გათვალისწინებული და ისინი საკუთარ თავს ამგვარი , კოლექტიური აგრესიული მოქმედებებით იცავენ. ჩვენ ვიყავით ადგილზე ჩასულები და ოჯახის წევრები, მეზობლები საუბრობდნენ იმაზე, რომ როდესაც სასწრაფო მივიდა ადგილზე მათ სათანადო გულისხმიერება არ გამოიჩინეს და ყურადღება ბავშვების მიმართ, თითქოს მათ მიმართ ზრუნვა არ აჩვენეს, მძღოლის დაცვა და მასზე ზრუნვა დაიწყეს , რატომღაც ადგილობრივებში გამოიწვია მსგავსი აგრესია. ჩემთვის ძალიან რთულია ეს გარემოება დავადასტურო ან უარვყო, ამას გამოძიების მხრიდან შესწავლაც უნდა , მაგრამ მთავარი ამ ისტორიაში მათი აღქმით იყო ის რომ ბავშვი რომელიც იყო აზერბაიჯანელი, არ გახდა სახელმწიფოს მხრიდან სათანადო დაცვის საგანი რასაც მოჰყვა მთელი ეს გამოცდილება, რაც მანქანის გადატრიალებაში გამოიხატა , შემდგომში ძალიან დიდ აღშფოთებაში რომელიც ადგილობრივ თემს ჰქონდა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გარემოებები ნამდვილია თუ არ არის ნამდვილი , მას საფუძვლად უდევს ის სტრუქტურული უსამართლობები, რომელიც ამ რეგიონში გვხვდება. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია , რომ მართლმსაჯულება სამართლიანი იყოს ამ საქმეზე , გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებმა დაინახონ რომ სამართალი და სასამართლო სისტემა მათ მხარესაა,. რომ ისინი არ არიან მარტოები და სამაგალითოდ უნდა მოხდეს რეაგირება საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების მხრიდან.”
-ამბობს მიქელაძე

ნახიდურში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცვლი ლევან იოსელიანი და აღნიშნა, რომ ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა.

უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა გვიყვება,რომ ეს არ არის პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ამ ადგილთან ახლოს მოხდა. გზის მონაკვეთზე, არ არის არც გარეგანათება, არც ზებრა და არც მწოლიარე პოლიციელი.

„მიუხედავად იმისა, რომ იციან იქ არაერთხელ მოხდა ასეთი შემთხვევები, ზომები არ არის მიღებული ამასთან დაკავშირებით. როგორც მოქალაქეს, მინდა, რომ ობიექტურად შეფასდეს ეს ამბავი, ერთი ის არის, რომ ორი ბავშვი გარდაიცვალა და მართლა ძალიან მძიმე ფაქტია და ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა მოხდა და როგორ მოხდა. ობიექტურად უნდა იქნეს შეფასება და გამოძიება. მეორე არის ის რომ ეს გამოძიება უნდა იყოს იმდენად გამჭვირვალე რომ შემდეგ ეტაპზე კიდევ არ გამოიწვიოს რაიმე სახის დაძაბულობა, ვითარება. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა ამბობს ჩვენ ველოდებით პასუხებს და თუ ის ობიექტური არ იქნება ასე არ დავტოვებთო და ეს რა თქმა უნდა, ძალიან სანერვიულოა. მე ვფიქრობ რომ ორივე მხარემ ეს დაზარალებული იქნება თუ სხვა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სხვადასხვა გზით არ ვცადოთ არაკანონიერად გავამართლოთ ჩვენი თავი რაც მერე გამოიწვევს ახალ პრობლემას. ყველა მშვიდად უნდა დაველოდოთ და არ უნდა მოხდეს ამ საქმეში თუნდაც პოლიტიკური ჩარევა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი.“ - თქვა სამირა ბაირამოვამ.

ნახიდურთან მომხდარი ავარიის მონაკვეთზე უახლოესი ტრაგედიიდან ერთი თვის თავზეც არაფერი შეცვლილა. საგზაო დეპარტამენტი რეაგირებას უსაფრთხოების მანიშნებელი ნიშნების მოწყობაზე მუნიციპალიტეტის მიმართვიანობის საფუძველზე ახდენს . მიმართეს თუ არა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას მოქალაქეებმა წერილით გამაფრთხილებელი ნიშნების მოწყობაზე, ან უშუალოდ თვითმმართველობის ინიციატივით ხომ არ იგეგმება გარკვეული ზომების მიღება ნახიდურთან, ამ კითხვებზე საპასუხოდ მერიამ წერილი გვთხოვა. (პასუხებს ველოდებით. )

რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხელ კვალზეა დაკავებული ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 2003 წელს დაბადებული თ.ჩ., რომელსაც თან კიდევ ოთხი მგზავრი ახლდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. გამოძიება ასევე მიდის ნივთის დაზიანების, პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ძალადობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 126-ე და 353-ე პრიმა მუხლებით.

გარდაცვლილი ოჯახების ადვოკატის ედდა გოჯაევას თქმით, ამ დრომდე არ ჩატარებულა წინასასამართლო სხდომა, ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნებს.

„მხარეებს აქვთ ორთვიანი ვადა საქმე გამოიძიონ, ამ ეტაპზე ვართ ჯერ“ - ამბობს გოჯაევა.

ნახიდურში მომხდარი ტრაგედიისას მომხდარ დაპირისპირებაში 10 ადამიანი დაშავდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები