7 წელი 24-საათიანი წყალმომარაგების მოლოდინში - როდის დასრულდება სასმელი წყლის პროექტი მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა უკვე ექვს წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს. მეშვიდე წელია, რაც ქალაქ მარნეულის და სოფლების - წერეთლის, საიმერლოს, ნორგიულისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა 24-საათიან სასმელ წყალს ელოდება.

წინა წლების მსგავსად, 2025 წელსაც მოსახლეობამ კვლავ მიიღო დაპირება, რომ სასმელი წყლის პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება. მსგავსი დაპირებები მათ 2021, 2023 და 2024 წლებშიც მიიღეს, თუმცა წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი კვლავ დაუსრულებელია.

პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. რადიო "მარნეულთან" საუბრისას კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის უფროსმა, კახა ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი 2025 წლის ივლისში დასრულდება.

„პროექტის საბოლოო დასრულება ივლისშია დაგეგმილი. მანამდე ეტაპობრივად გადავრთავთ მარნეულსა და მიმდებარე სოფლებს 24-საათიან წყალმომარაგებაზე. ქალაქ მარნეულის დაახლოებით 70%-ს 24-საათიანი წყალმომარაგება მალე მიეწოდება. დანარჩენ მიმართულებებზე ნებართვების აღების პროცესია მიმდინარე, რაც გარკვეულ დაყოვნებას იწვევს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროცესი არ შეფერხდეს და ოპერატიულად ვიმოქმედოთ,“ - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში 24-საათიანი წყალმომარაგება ჩაერთვება სოფელ საიმერლოში, წერეთელში და დიდ და პატარა ბეგლიარში. რაც შეეხება ყიზილაჯლოსა და ჯანდარას, ამ სოფლებში კონტრაქტორი კომპანია კვლავ აგრძელებს მუშაობას და მოსახლეობა უწყვეტი სასმელი წყლით მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ მომარაგდება.

მარნეულელების ნაწილს არ აქვს ინფორმაცია თუ როდის ჩაირთვება მარნეულში 24 საათიანი წყალმომარაგება. გამოთქვავენ უკმაყოფილებას წლების განმალობაში გადათხრილი ქუჩებისა და წყლის პრობლემის გამო და იმედოვნებენ, რომ უწყვეტ სასმელ წყალს დროულად მიიღებენ.


25 იანვარს ქალაქ მარნეულსა და ყიზილაჯლოში წყალმომარაგების ახალი ქსელის ტესტირება ჩატარდა, რა დროსაც მარნეულის რამდენიმე ქუჩაზე ხარვეზები გამოვლინდა. ჩოგოლაძის თქმით, სატესტო დღეს წყალი ყველა უბანში ნორმალური წნევით მიეწოდა, თუმცა მეორე დღეს გარკვეულ ადგილებში პრობლემები გაჩნდა, განსაკუთრებით იქ, სადაც ძველი და ახალი ქსელები ერთმანეთს უერთდება. არსებული ხარვეზების აღმოფხვრას კომპანიის თანამშრომლები მიმდინარე კვირაში დაასრულებენ.

„ძირითადად პრობლემები ძველ საცხოვრებელ კორპუსებშია, სადაც შიდა წყალგაყვანილობა დაზიანებულია. ჩვენი სამსახური აქტიურად მუშაობს ამ საკითხის მოსაგვარებლად,“ - აღნიშნა ჩოგოლაძემ.

მოსახლეობამ არაერთხელ მიიღო დაპირება პროექტის დასრულების შესახებ. 2023 წლის 25 ივლისს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ, რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ სოფელი წერეთელი და საიმერლო 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში ახალ წყალმომარაგების ქსელზე გადაერთვებოდა.

„ივლისში ფიზიკური სამუშაოები სრულად დასრულდა, ახლა ტესტირების ეტაპი მიმდინარეობს. ძველი ქსელების ჩაჭრა და მოსახლეობის ახალ სისტემაზე გადართვა ეტაპობრივად მოხდება. პროცესი, სავარაუდოდ, ერთ თვეს გაგრძელდება,“ - განაცხადა კაკაბაძემ მაშინ.

თუმცა, სოფელი საიმერლო და წერეთელი ახალ ქსელზე დღემდე არ გადართულა. ახალი დაპირების თანახმად, მათ უწყვეტი სასმელი წყალი 2025 წლის ივლისამდე უნდა მიიღონ.

2024 წლის 5 ივნისს გუგა კაკაბაძემ კვლავ დაარწმუნა მარნეულელები, რომ 24-საათიანი წყალმომარაგება 2024 წლის ბოლომდე ჩაირთვებოდა, თუმცა ეს დაპირებაც არ შესრულდა. წყალმომარაგების კომპანიის მიერ 24-საათიანი სასმელი წყლის ტესტირება მხოლოდ 2025 წლის 25 იანვარს დაიწყო.

პროექტზე კომენტარს მარნეულის მერია არ აკეთებს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს და მერიას მისი დეტალების განმარტება არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, მერის პირველმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ, მარნეულის ტელევიზიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საიმერლოსა და წერეთელში 24-საათიანი წყალმომარაგება თებერვლის ბოლომდე ჩაირთვება, ხოლო ქალაქ მარნეულში სასმელი წყალი უკვე მიწოდებულია.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტზე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემაც ისაუბრა, როდესაც მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რამილ ახმედოვმა, ქუჩების ამორტიზაციის შესახებ ჰკითხა. როგორც ჩანს, მარნეულის მერიაში კარგად იციან პროექტის მიმდინარეობისა და დასრულების თარიღები, თუმცა მათთან უშუალო კომუნიკაცია კვლავ პრობლემად რჩება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები. თავდაპირველად, თურქულ კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.

ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo - Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei“.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. მისი ფარგლებში შენდება წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური, რეზერვუარები, წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები