ლიზა და ქეთი: მარნეულის ძიუდოისტი გოგოების მიერ სიმტკიცით დარღვეული ბარიერები
სპორტის სფეროში ქალთა ჩართულობა პრობლემად რჩება. წლების მანძილზე იცვლება მიდგომები, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება კვლავ გამოწვევაა. სტერეოტიპები, შიში, სტიგმები - უმეტესწილად სწორედ ეს გარემოებები აფერხებს ქალების სპორტში ჩართვას.

Women’s Sports Foundation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გოგოები კაცებთან შედარებით ორჯერ ხშირად ტოვებენ სპორტს 14 წლის ასაკამდე. მათი ძირითადი ბარიერები უკავშირდება შიშს, სოციალური სტერეოტიპების ზეწოლას და რესურსების ნაკლებობას.

მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია მუნიციპალიტეტებში. ძიუდო სპორტის ის სახეობაა, რომელიც მარნეულში ყველაზე მეტადაა განვითარებული, თუმცა მასში ჩართული უმეტესწილად კაცები არიან.

შიშებთან და სტერეოტიპებთან გამკლავება მარნეულელმა გოგოებმა, ლიზა დავაძემ და ქეთი ხარაზიშვილმა 11 წლის ასაკში გადაწყვიტეს.



სწორედ ისინი არიან პირველი ქალი ძიუდიესტები, რომლებმაც მარნეულში ამ სპორტის სახეობაზე შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მონაწილეობენ შეჯიბრებებში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე. სპორტსმენ გოგოებს ამ დრომდე არაერთი საპრიზო ადგილი აქვთ დაკავებული.




14 წლის ლიზა დავაძე გვიყვება, რომ სპორტის ამ სახეობაში ოჯახის მხარდაჭერამ მასზე დიდი როლი ითამაშა.

“ჩემი მოტივაცია იყო მამაჩემი, მის გამო გამიჩნდა სურვილი ძიუდოზე შევსულიყავი. მაინტერესებდა იქნებოდა თუ არა ეს ჩემი სპორტი. დედაჩემის ინიციატივაც იყო ამ სპორტზე შევსულიყავი, გვერდში მედგნენ. ნაცნობების მხრიდან სულ იყო სტერეოტიპები მაგალითად ამბობდნენ, რომ გოგო და ძიუდო? - არა, უფრო ბიჭის საქმეა. როდესაც გაიგეს ჩემი შედეგების შესახებ, დარწმუნდნენ რომ კარგად გამოდის გოგოს ძიუდო. მე ჩემს წონაში ამჟამად საქართველოში ვარ ჩემპიონი. ახლახანს ვიყავი თურქეთის ევროპის თასზე, სადაც დავიკავე მეორე საპრიზო ადგილი. ჩემი შედეგები მინდა, რომ აისახებოდეს ჩემს პატარა გუნდელებზე, იმედი მაქვს რომ ბევრი გოგო დაინტერესდება სპორტით იმიტომ, რომ სტერეოტიპები და შიში, ნამდვილად სიცრუე არის, გოგოებს ყველაფერი შეუძლიათ. “ - ამბობს ლიზა დავაძე.



ლიზას მსგავსად, პირველი გოგო ძიუდოისტია მარნეულში 14 წლის ქეთი ხარაზიშვილიც. ქეთი რამდენიმე კვირის წინ რიგაში ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გვიყვება, რომ ძიუდოზე შესვლით დაამარცხა შიში, რომელიც ბევრ სტერეოტიპს ქმნიდა.

“ამ სპორტზე რომ შევედი, იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე მეც უნდა ვყოფილიყავი ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი ძიუდოში. სტერეოტიპები იყო ხშირი როგორც ნათესავებისგან ისე მეგობრებისგან. დედაჩემიც კი იძახდა და ვერ ხვდებოდა იმას, რა უნდა გამეკეთებინა ამ სპორტში, ვინაიდან გოგოები არც იყვნენ. მარტო მე და ლიზა ვიყავით და ფიქრობდნენ რომ ეს არ იყო გოგოს საქმე. მე დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის. სურვილი იმდენად დიდი მქონდა, რომ ვიფიქრე მათი აზრი არ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ყოველთვის ვფიქრობდი რატო გვისვამდნენ ამ კითხვას. ყველას შეუძლია ნებისმიერ სპორტში იყოს წარმატებული. ზოგი ძიუდოში იქნება, ზოგი ცეკვაზე - ვისთვის როგორ.”
- ამბობს ქეთი.



ლიზასა და ქეთას მაგალითი გვაჩვენებს, რომ შიშისა და სტერეოტიპების დაძლევა შესაძლებელია, თუ არსებობს მხარდაჭერა, სწორი მიმართულება და მოტივაცია. ლიზა და ქეთის გზას ახლა მარნეულში 10 გოგო მიჰყვება.

მარნეულის სპორტული სკოლის ბაზაზე გახსნილი ძიუდოს წრის გაფართოების სურვილი აქვს ქეთის და ლიზას მწვრთნელს, სანდრო იაკობაშვილს და ამბობს, რომ მათი მიზანია რაც შეიძლება მეტი გოგო დააინტერესონ სპორტის ამ სახეობით, შეიკრას ქალთა გუნდი, რომელიც მუნიციპალიტეტს ბევრ წარმატებას მოუტანს.



“სულ არის ხოლმე დამოკიდებულება გოგოს რა უნდა ჭიდაობაზე, გოგომ არ უნდა იჭიდაოს. ვფიქრობ, რომ ეს სტერეოტიპები ჩვენ მარნეულში ლიზას და ქეთის მაგალითზე დავამსხვრიეთ. თავიდან სწორეთ მათი ჩართულობით დავიწყეთ. დღეს უკვე 10 მდე გაიზარდა ეს რიცხვი. როგორც მწვრთნელი, მე პირველად ვიყავი ლატვიაში რიგის თასზე. ეს მწვრთნელისთვის არის ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი მოსწავლე იცავს შენი ქვეყნის ღირსებას. ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ და ამ ეტაპზე, ეს ძალიან დიდი წარმატებაა. არ გვქონდა შესაბამისი გამოცდილება, ვფიქრობ რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტი გოგო ძიუდოისტებით დავკომპლექტდებით. ჩემი ოცნებაა ბევრი გოგო შემოვიდეს ამ სპორტზე, დაიტვირთოს ჩვენი დარბაზი და უშუალოდ გოგოების ვარჯიში ჩატარდეს ცალკე. დღეს ეს ვერ ხერხდება, გამომდინარე იქიდან, რომ რაოდენობა არ არის საკმარისი, თუმცა იმედი მაქვს ცალკე ნაკრებით დავკომპლექტდებით გოგოებით და წავრსდგებით ეროვნულ ნაკრებში.
“ - ამბობს სანდრო იაკობაშვილი.

უფლებამდაცველი, ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაცია კავშირ “ფრეიას” დირექტორი ქეთი მურღულია მიიჩნევს, რომ სპორტში გოგოების წასახალისებლად მნიშვენლოვანია, როგორც საინფორმაციო კამპანიების წარმოება სტერეოტიპების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე დაფინანსების გაზრდა რეგიონებში ქალების და გოგოების სპორტული აქტივობების მხარდასაჭერად.


“ქალთა სპორტის არსებითი მხარდაჭერა და თანაბარი პირობების შექმნა, დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვენოლავან მიზანს უნდა წარმოადგენდეს. სამწუხაროდ საქართველოში, სპორტსმენ ქალებს უწევთ უამრავ გამოწვევასთან გამკლავება,როგორიც არის: საზოგადოებრივი სტიგმები და სტერეოტიპები; დაფინანსების ნაკლებობა,რომელიც მეტწილად განპირობებულია სპორტში დაფინანსების უთანასწორობასთან კაცების სასარგებლოდ; შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა; სექსუალური ობიექტივიზაცია და ა/შ. გოგოებში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით აგრეთვე მნიშვენლოვანია ,როგორც სასკოლო დონეზე სპორტული ღონისძიებების აქტიურად ორგანიზება , ასევე საკანონდებლო ცვლილებებიც განათლების პოლიტიკის ჭრილში. ასევე, სახელმწმიფომ სამოქალაქო სექტორთან ერთად , აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სკოლებში მოსწავლეებს წარმატებული ქალი სპორტსმენების შესახებ, რომელიც ერთიორად გაზრდის გოგოების მოტივაციას სპორტული მიღწევების თვალსაზრისით”.

სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელმისაწვდომობა საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტებით გარანტირებულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. ასევე, აღიარებულია სპორტის როლი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ათი მიზნისა და ოცზე მეტი ამოცანის მიღწევაში. გაეროს გენერალური ასამბლეა თავის რეზოლუციებში აღიარებს სპორტს, როგორც განათლების, ჯანდაცვის, განვითარებისა და მშვიდობის დამყარების საშუალებას.

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები