გალინა მჭედლიშვილი და დარეჯან ოქრუაშვილი: ქალების გამარჯვება ბიზნესში
მოტივაციამ, ახალმა შესაძლებლობებმა და საკუთარი თავის რწმენამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გალინა მჭედლიშილს ბიზნესის წამოწყების იდეა გაუჩინა. ასე დაიწყო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ორი შვილის მარტოხელა დედამ, რომელიც საკუთარი ბიზნესის შექმნამდე სხვის სალონში მუშაობდა. გალინას ბოლნისის ცენტრში ახლა საკუთარი ესთეტიკური ცენტრი აქვს.

ლაზერის აპარატი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის" ფარგლებში, „ქეა კავკასიას“ დაფინანსებით შეიძინა და ამბობს, რომ - რომ არა აღნიშნული მხარდაჭერა, საკუთარი სახსრებით ესთეტიკურ ცენტრს ვერ გახსნიდა. ეს იმ ფონზე, როდესაც შვილებთან ერთად ცხოვრების ახლიდან დაწყება მოუწია და ფინანსური დამოუკიდებლობა მისი გადარჩენის ერთ-ერთი გამოსავალი იყო.

„სანამ საკუთარი ლაზერის აპარატი მექნებოდა ვმუშაობდი სხვა სალონში დაქირავებულ ლაზერო-თერაპევტად. ძალიან გამიმართლა, რომ ქეას პროექტში მივიღე მონაწილეობა და გრანტის სახით ლაზერული აპარატი შემიძინეს. ამ ბიზნესის დაწყება ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო , ვინაიდან ცხოვრებას ნულიდან ვიწყებდი 2 შვილთან ერთად. ვერც ვიოცნებებდი, რომ საკუთარი სახსრებით შევძლებდი საკუთარი სალონის გახსნას. ვერც ვიოცნებებდი, რომ მექნებოდა ჩემი სალონი. ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური მხარე მით უმეტეს, როდესაც ხარ მშობელი, უმნიშვნელოვანესია, როდესაც არავისზე ხარ დამოკიდებული საკუთარი თავის გარდა. არ მჯეროდა პროექტში რომ გავიდოდი. რომ დამირეკეს , ეს იყო შოკის მომგვრელი. არ ველოდი , მე ყველა ქალს ვურჩევ მიიღოს მონაწილეობა, იოცნებონ და ყველაფერი გამოუვათ. მე ახლაც არ მჯერა იმის, რაც ჩემს თავს ხდება „ - ამბობს გალინა მჭედლიშვილი.


გალინა გვიყვება, რომ მისი ცხოვრების ახალ ეტაპზე დანებების უფლება არ ჰქონდა. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, იბრძოლა საკუთარ თავთან და ფიქრობს, რომ მისი მაგალითი შესაძლოა სხვა ქალებისათვის მისაბაძი იყოს. ლაზეროთერაპევტის სამომავლო გეგმები ქალების გაძლიერებას უკავშირდება. სურვილი აქვს, რომ მისი ესთეტიკური ცენტრი გაფართოვდეს და ბევრი ქალი დაასაქმოს.

“დიდი სიხარულის მომტანი იყო ეს ყველაფერი , რადგან ჩემი შვილების და პირად ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების თავიდან გაგრძელებისთვის . ჩემი ირგვლივ მყოფი საზოგადოებისთვის კი მოულოდნელი და სასიხარულო სიახლე იყო. ეს სფერო ჩემთვის ნაცნობია, მაგრამ გამოწვევა ის იყო, რომ გარკვეული დრო დამჭირდა დამეჯერებინა ეს ყველაფერი ჩემს თავს რომ ხდებოდა. სამუშაო ადგილის შექმნას რაც შეეხება, ამ ეტაპზე მარტო ვმუშაობ რადგან ახალი გახსნილია სალონი. ჩემს ირგვლივ უამრავი მარტოხელა დედაა რომლებიც სიამოვნებით მიიღებდნენ მსგავს პროექტებში მონაწილეობას. ვიმედოვნებ, რომ ჩემს ბიზნესს გავაფართოვებ და შესაძლებლობა მექნება დავასაქმო სხვა ქალები.”
- ამბობს გალინა

გალინა მჭედლიშილის მსგავსად, დიდი ხნის ოცნების ასრულება შეძლო ბოლნისში მცხოვრებმა დარეჯან ოქრუაშვილმაც. ფოტოგრაფიით გატაცებულმა, „დაჯის სტუდია“, „ქეა კავკასიის“ დაფინანსებით გახსნა. ფოტოგრაფმა შეიძინა გასანათებელი აპარატურა , დრონი და სტუდიისათვის საჭირო ინვენტარი. დაჯი ოქრუაშვილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, პროფესიით ჟურნალისტია და ფოტოგრაფიით არის დაკავებული. ფოტოსტუდიის გახსნა რამდენიმე წლის წინაც სცადა, თუმცა კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზის გამო, იძულებული გახდა, რომ აპარატურა გაეყიდა. ყველაფრის თავიდან დაწყება დარეჯანისათვის ადვილი არ ყოფილა, თუმცა ოჯახის მხარდაჭერამ მასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

„ჩემი აუხდენელი ოცნება იყო საკუთარი სტუდია მქონოდა. პროექტის დაწერაზე ბევრს ვფიქრობდი. აქამდე არაფერში გამმართლებია და რატომ გამიმართლებს- თქო.  ერთ დღეს ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი, სადაც დედას ფოტოც მაქვს. დედა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, მეგობარი და მისაბაძი პიროვნება იყო. გამახსენდა მისი სიტყვები ,, არასდროს შეგეშინდეს, რადგან ძალიან ძლიერი ხარ, თუ მოინდომებ იცოდე, რომ სალ კლდეებსაც დაანგრევო“, დედა იყო ჩემი ინსპირაცია აქაც და ცხოვრებაშიც სულ მუდმივად. თხუთმეტ წელზე მეტია, რაც ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული. როდესაც პირველად წერ პროექტს, ძალიან ბევრს ფიქრობ, გინდა, რომ ეს გამოვიდეს . „ქეა კავკასია“ იყო ძალიან დიდი გაღებული ფანჯარა ჩემს ცხოვრებაში. ორი შვილი მყავს და ორივე კარგად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, რადგან იციან ჩემი ფოტოგრაფიასთან ურთიერთობის და კამერის სიყვარულის ამბავი. ორივემ იცოდა, რომ მე გავაკეთებდი იმას, რაც მიყვარს და ხარისხსაც დავდებდი. პროექტში საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, უნდა ამოერჩიათ ის პროექტები, რომლებიც იყო განსაკუთრებული , რომელიც პროფესიონალიზმთან ასოცირდებოდა და იმ ქალების განვითარებას და გაძლიერებას შეეხებოდა, ვისაც ცხოვრებაში რაღაცა მუხტი სჭირდებოდათ, რომ რაღაც ნაბიჯები გადაედგათ“ - ამბობს დარეჯანი

დარეჯან ოქროუაშილი ამბობს, რომ მიზანს მისი შეუპოვარი ხასიათით მიაღწია. იმით, რომ დანებება სწორი არჩევანი არაა. მით უმეტეს, იმ რეალობაში, სადაც ქალების მიმართ უამრავი სტერეოტიპი და ბარიერი არსებობს, განვითარება და ეკონომიკურად გაძლიერება უმნიშვნელოვანესია.

„ჩემმა სტუდიამ ახალი სიცოცხლე შესძინა ჩემს ქალაქს, ჩემს ცხოვრებას, ადამიანების გაბედნიერება შემიძლია, გახარება ლამაზი კადრებით. მე დღეს ვარ უკვე ძლიერი ქალი და ხვალ მე სხვა 10-20 ქალს გამოვადგები და მათ გვერდში დავდგები. ყველაზე მთავარი ჯაჭვი რაც არის, არის ის, რომ რატომღაც რგოლებად აქცევს ხოლმე ძლიერ ქალებს ქეა კავკასია თუნდაც ჩემიდან გამომდინარე. ქალი, როდესაც არის ძლიერი, ის ყოველთვის შეძლებს, რომ აღზარდოს ისეთი შვილები, რომელიც ქვეყანასაც გამოადგება და ამავდროულად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. დამიჯერეთ გოგოებო, რომ თქვენ ხართ ძალა, იმედი და თქვენ გიყურებენ სხვები. შეიყვარეთ საკუთარი თავები. ამაყად გასწორდით მხრებში და თქვით - მე ყველაფერი გამომივა „

ფოტოგრაფის სამომავლო გეგმა სტუდიაში ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას უკავშირდება.

„მალე ვაპირებ დავამატო სხვადასხვა მომსახურება, რისი საჭიროებაც დადგა. დავასაქმებ რამდენიმე ადამიანსაც. ამ წუთას ჩემი შვილი მუშაობს ჩემთან ერთად. საკმაოდ სერიოზული გეგმა მაქვს , სადაც ახალგაზრდებს და შშმ ადამიანებს დავასაქმებ.“ - ამბობს დარეჯანი

გალინა მჭედლიშვილსა და დარეჯან ოქრუაშილის მაგალითები ცხადყოფს, რომ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჩატარებული არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ქალთა ეკონომიკური აქტიურობის დონე საკმაოდ ჩამორჩება (41.5 პროცენტი) კაცების ეკონომიკური აქტიურობის დონეს (64 პროცენტი).

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2023 წელს მომზადებული გენდერული თანასწორობის პორტფოლიოს თანახმად, საქართველოში კაცების მფლობელობაში არსებული ბიზნეს კომპანიების წილი ორჯერ აღემატება ქალების მფლობელობაში არსებული კომპანიების წილს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები