სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში სახელმწიფო
მიწის უკანონოდ გასხვისებისა და კოტეჯების ნებართვის გარეშე აშენების
საქმეზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოქალაქეს 11 000 აშშ
დოლარი მოსთხოვა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის
ნაკვეთის უკანონოდ გადაცემისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე კოტეჯის
ნებართვის გარეშე მშენებლობის სანაცვლოდ. ბრალდებულის დაპირებით,
თანხის გადახდის შემდეგ მოქალაქეს მუნიციპალიტეტის
შესაბამის
სამსახურებთან პრობლემა არ შეექმნებოდა.
2025 წლის 6 ნოემბერს, მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 000
აშშ დოლარი, რის შემდეგაც ბრალდებული შეხვდა ა(ა)იპ „კურორტ ბახმაროს“
დირექტორის მოადგილეს და შესთავაზა მიღებული თანხის ნაწილის გადაცემა
უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ. თუმცა, დირექტორის
მოადგილემ თანხის აღებაზე უარი თქვა და სამართალდამცავებს მისთვის
ცნობილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.
საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით
გრძელდება, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე
დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ განსაკუთრებულ
ყურადღებას დაუთმობს მსგავს დანაშაულთა გამოვლენასა და პრევენციას და
მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების
თვითნებურად დაკავებისა და უკანონო მშენებლობებისგან.